კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანია „პიელ ნატურალსი“ ექსპორტზე გავიდა. პირველი ბაზარი პაკისტანია. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ ისაუბრა.
„ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ვმუშაობდით ქუვეითის ბაზრისთვის და ჩვენმა პარტნიორმა გადაწყვიტა ჩვენი პროდუქცია პაკისტანის ბაზრისთვისაც გაეცნო“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ პირველ ეტაპზე პაკისტანში „პიელ ნატურალსის“ 27 000 ერთეული პროდუქცია გაიგზავნა. მისივე თქმით, მიმდინარეობს სხვა ბაზრებზე მუშაობაც.
ცნობისთვის, ამჟამად, საერთო ჯამში, კომპანია 150 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს.
„ჩვენ მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას მუდმივად ვცდილობთ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს მიღმაც. ახლაც, საექსპორტო ბაზრებისთვის ახალ პროდუქტებს ვქმნით, დაახლოებით 7 ახალი ფორმულა უკვე მზად გვაქვს, რაც კომპანიის წარმადობასაც გაზრდის და თანამშრომლების ხელფასებსაც. ასევე, ვგეგმავთ იტალიასა და ესპანეთში გასვლასაც, თუმცა ამ კუთხით ჯერ დიდ ნაბიჯებს არ ვდგამთ, ახლა უფრო არაბულ ბაზრებზე ვართ ორიენტირებული", - განაცხადა თათუკა ლომაძემ.
“პიელ ნატურალსი" ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში უკვე თითქმის რვა წელია ოპერირებს და მომხმარებლებს თავის მოვლის ორგანულ საშუალებებს სთავაზობს.