Teslavideomedia.com-ი, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს, რის შედეგადაც ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა.
Teslavideomedia.com-ის საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა.
Google Trends-ის მონაცემებით, ეს ვებგვერდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. Google Trends-ის თანახმად, საქართველოში ამ ვებგვერდის პოპულარობა 100 ქულით იყო შეფასებული, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ყირგიზეთში კი 1 ქულით. შესაბამისად, ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული.
ვებგვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, Teslavideomedia.com-ი 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ Teslavideomedia.com არავითარ კავშირში არ არის ილონ მასკის დაფუძნებულ, ავტომწარმოებელ "ტესლასთან" მიუხედად იმისა, რომ ლოგო და წარწერა სწორედ საერთაშორისო ბრენდს მოგაგონებთ. თავად კომპანია 2022 წლის 17 თებერვალს, აშშ-ის შტატ კოლორადოში არის რეგისტრირებული. სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით, მისი პრეზიდენტი, CFO და 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ანდრეი-დრაგოს საიმონი.