მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადეების მწარმოებელი ქართული კომპანია „რესპირატორი“, შესაძლოა, გაჩერდეს

62a88e213f3d3
ლიკა გურაბანიძე
14.06.22 20:26
4643
პირბადეების მწარმოებელი ქართული კომპანია „რესპირატორი“, რომელიც ბაზარზე პანდემიის დროს, 2020 წელს გამოჩნდა, შესაძლოა, ივლისის ბოლოს გაჩერდეს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა სერგო გალუსტიანმა bm.ge-სთან აღნიშნა, მიზეზი პირბადეებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა.

“შევხედავთ, რა ვითარება იქნება covid-სტატისტიკასთან მიმართებით, რაზეც არის დამოკიდებული პირბადეებზე მოთხოვნა; ბაზარზე ფუნქციონირების საკითხსაც ამის მიხედვით გადავწყვეტთ. თუ ოპერირებას შევწყვეტთ, ივლისის ბოლოს კომპანია 5-დან 10 მლნ ცალამდე პირბადის ნაშთს ადგილობრივი ბაზრისთვის დაარეზერვებს. პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში კი, საწარმოს ამუშავებას მინიმალურ დროში და მცირე ფულადი რესურსებით შევძლებთ", - განმარტა გალუსტიანმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ საწარმო ფუნქციონირებას აღარ გააგრძელებს, კომპანია მზად არის, დანადგარები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

“თუ უახლოეს თვეებში წარმოება არაადეკვატურად შეგვიმცირდება და წლიური წარმადობა 2 მლნ ცალ პირბადეზე ჩამოვიდა, საწარმოს შენახვა და იჯარის გადახდა არარენტაბელური იქნება. დანადგარების მოლოდინის რეჟიმზე გადასვლას სჯობს ისინი სახელმწიფოს გადავცეთ, რადგან მის დასაწყობებას და შენახვას არ ვაპირებთ", - აღნიშნა მან.

სერგო გალუსტიანის განმარტებითვე, “რესპირატორის” თანამშრომლები ახლა მხოლოდ ერთ ცვლაში მუშაობენ და შედეგად, 40 თანამშრომლიდან მხოლოდ 20 დარჩა. ამასთან, თუ კომპანია პანდემიის გავრცელების მაღალი რისკიანობის დროს თვეში 17 მლნ ცალ პირბადეს აწარმოებდა, ახლა მისი წარმადობა 9 მლნ ცალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები