„პირობას გაძლევთ, აშშ-სთან თანამშრომლობა ჩემი ელჩობისას თვისებრივად მაღალ ნიშნულზე ავა“ - ეს დაპირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშნულმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზალკალიანის ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გააჟღერა.
ყოფილმა მინისტრმა პრემიერს ძველ და ახალ თანამდებობებზე მისდამი გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალ მოვალეობებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეასრულებს.
„მინდა მადლობა გითხრათ ნდობისთვის ახალ პოზიციაზე წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში. უდიდესი პასუხისმგებლობაა. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა ჩემი ელჩობის პერიოდში თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მან თავისი დიპლომატიური საქმიანობის 30-წლიან გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის 4 წელი ქვეყნისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო.
„საგარეო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის პოლიტიკას და მომავალს. წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, ჩემი სამსახურით მნიშვნელოვანი როლი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი დიდი გამოწვევით იყო აღსავსე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა თავის მემკვიდრეს ილია დარჩიაშვილს საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა: „ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა ჩვენთვის და აქ ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და კონსოლიდაცია ყველას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება“.
ცნობისთვის: დავით ზალკალიანი 1968 წელს თბილისში დაიბადა.
2021 წლის 21 იანვრიდან - დღემდე - საქართველოს ვიცე-პრემიერი
2018 წლის 21 ივნისიდან - დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
2016-2018 წლებში დავით ზალკალიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა;
2015 წელს ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სადაც მისი საქმიანობა იყო დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის კვლევებისა და ადვოკატირების პროექტების განხორციელებასთან, დიპლომატებისთვის შესაძლებლობების გაზრდასთან;
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს - ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. ამასთან, 2012-2014 წლებში ზალკალიანი იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარე.
2012 წელს დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას დაიკავა;
2009 წელს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო;
2008-2009 წლებში ის ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობას იკავებდა;
2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მომდევნო ერთი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2004 წელს დაინიშნა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
2002-2004 წლებში მუშაობდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციაზე.
2001-2002 წლებში ვენაში და ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2000-2001 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე იყო;
1996-2000 წლებში ზალკალიანმა მუშაობა განაგრძო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ეუთო-სა და ქ. ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებში მრჩევლის თანამდებობაზე.
1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დავით ზალკალიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში ატაშეს პოზიციაზე, ხოლო სამ წელიწადში - 1995 წელს იმავე დეპარტამენტში, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.