მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირობითი და არასწორია - პაატა კვიჟინაძე ფიზიკური პირების ქონებრივი გადასახადის დეკლარირების სისტემაზე

პაატა კვიჟინაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისა და „საგადასახადო კოდექსში“ შესატანის ცვლილებების კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, ქონების გადასახადის დეკლარირების დღეს არსებული სისტემა პირობითი და არასწორია. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების კანონპროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას განაცხადა.

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ მას კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის ერთ-ერთი მინიმალური ზღვრის გაუქმებასთან ერთად 100 000-ლარიან ზღვარზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხს ეხებოდა. პაატა კვიჟინაძემ უპასუხა, რომ ამ ვერსიაზე ფიქრობდნენ, თუმცა დღეისთვის დაჩქარებული წესით მხოლოდ 40 000-ლარიან ზღვარს აუქმებენ. უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ სრული კანონპროექტის წარდგენის შემდეგ ქონების გადასახადის გადახდის სისტემა შეიძლება სრულად შეიცვალოს.

„ჩვენ ვფიქრობდით მაგაზე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ურთულესი საკითხი. ფინანსთა სამინისტროში რამდენიმე ვარიანტია. ერთი ყველამ იცით, რომ მარტო კომერციულებს უნდა გადაეხადათ, თუმცა აქ პრობლემები იყო რაიონების მიხედვით. ზოგს არაფერი არ ხვდებოდა, ზოგს მეტი ხვდებოდა და ასე შემდეგ. არის მეორე ვარიანტი, როგორც მიწის გადასახადზეა, რომ ზონალური იყოს, სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ფასი ჰქონდეს.

ჩვენ გავაკეთეთ ის მინიმალური, რის გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ 100 000-მდე აწეულიყო და ის ხალხი, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს, განთავისუფლებულიყო. დანარჩენზე, როდესაც შემოიტანს ფინანსთა სამინისტრო, ვიმსჯელებთ შემდეგ.

ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეიძლება იყოს სულ სხვა სისტემა. ეს ახლა რაც არის, მოდი პირდაპირ ვთქვათ, არასწორია. აი ყველას ვისაც შეგვივსია, ალბათ თქვენც შეგივსიათ რადგან გიწევთ – როგორ უნდა შეაფასო ქონება? შეფასების საკითხი ძალიან პირობითია. შეიძლება იყოს უზარმაზარი შენობა ძველი და საბალანსო ღირებულება აღარაფერი აღარ ჰქონდეს და შეიძლება ახალი აშენებული იყოს და 10-მაგი მოუწიოს. არის ბევრი რამე გადასაწყვეტი. შეიძლება ერთდროულად ვერ მოხდეს და ნაწილ-ნაწილ წავიდეთ, მაგრამ ეს რეფორმა გასაკეთებელია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა არ მივიღოთ და მერე გავაუქმოთ. ახლა გავაკეთოთ ისე, რომ ვისაც მცირე 100 000-მდე შემოსავალი აქვს, არ დააწვეს ჯიბეზე და შემდეგში, იმის მიხედვით თუ რა სახით შემოვა ეს რეფორმა, ვიფიქროთ მაგაზეც, რასაც თქვენ ამბობთ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მისი თქმით, სრული კანონპროექტის დროული წარდგენით ფინანსთა სამინისტრო თავად არის დაინტერესებული, თუმცა როდის შევა ის პარლამენტში ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე განისაზღვრება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში მოქმედი განაკვეთი 0.8%-დან 1%-მდეა. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შემდეგ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი მინიმალური ზღვარი გაუქმდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი ქონების გადასახადი შენარჩუნდება. კანონპროექტი ამ კატეგორიისთვის ახალ განაკვეთს ადგენს და დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე დიაპაზონს ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები