პიროტექნიკის და ე.წ "ფოიერვერკების" გამოყენებისთვის შესაძლოა, სპეციალური ადგილების გამოყოფა და გარკვეული დროის განსაზღვრა მოხდეს. ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
როგორც კუჭავა ამ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად პიროტექნიკისა და ე.წ "ფოიერვერკების" იმპორტი და მისი ხარისხის გაკონტროლება არანაირი სტანდარტებით არ ხორციელდება.
"ნებისმიერი დღესასწაულის დროს ჩვენ პიროტექნიკას ჰაერში ვაფრქვევთ. შემდეგ ეს ქიმიკატებია, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ და აუცილებელია ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართოს, ხოლო ანგარიშში მოგვახსენონ, რა სტანდარტები დაწესდება ასეთი პიროტექნიკის დამზადებისა, თუ შემოტანის შემთხვევაში. გარდა ამისა, ასეთი პიროტექნიკის გამოყენებისთვის შესაბამისი ადგილები და ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს", - განაცხადა კახა კუჭავამ.

























