მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიროტექნიკური ლიცენზიის გარეშე რეალიზაციისა და გამოყენებისთვის ჯარიმა ₾200-დან ₾600 იქნება - კანონპროექტი

ფოიერვერკი

28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

"ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი უკვე დააინიიცირა და მის მიღებას დაჩქარებული წესით, საშემოდგომო სესიის ბოლომდე, ანუ 13 დეკემბრამდე გეგმავს.

რეგულაციების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ანუ, 2025 წელს საქართველო კვლავ ფოიერვერკის ჭარბი გამოყენებით შეხვდება.

კანონპროექტის მიხედვით, ნებართვებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა - 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება.

აღსრულებისა და ჯარიმების ნაწილი:

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სამი ახალი მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის:

  • კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სანქციის შორისაა საგნის კონფისკაცია;
  • სამართალდარღვევაა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია;
  • პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს ქმედების პირველად ჩადენისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო დადგენილ ვადაში სანებართვო/სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას;
  • პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობის/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც;
  • დასჯადი იქნება, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები