2017 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისის მერიამ 379 ათასი ლარით მეტი ადმინისტრაციული ხარჯი გაიღო. თბილისის ბიუჯეტის 2016 წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მუხლში "საქონელი და მომსახურება" მითითებულია, რომ დახარჯული თანხა 1 მილიონ 82 ათასი ლარს შეადგენს, 2017 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად კი - 1 მილიონ 461 ლარს.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მუხლს, 2016 და 2017 წლების ამავე დოკუმენტების თანახმად, ამ მიმართულებით თანხა 1 მილიონ 57 ათასი ლარიდან 1 მილიონ 43 ათასამდე შემცირებულია.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან მიქავას განმარტებით, ადმინისტრაციული კუთხით, საერთო ჯამში 2017 წელს გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები თანხა აქვს გათვალისწინებული.
"აღებული არის მიმართულება იქითკენ, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს როგორც ქვეყნის დონეზე, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. შესაბამისად, გასულ წლებთან შედარებით, ეს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები გეგმიურად შემცირებული გვაქვს", - განაცხადა მიქავამ.
თბილისის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიში მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თუმცა დეპუტატებს ჯერ არ განუხილავთ.

























