2025 წლის პირველ კვარტალ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შემოსავლები, ანუ კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია წინა წელთან შედარებით 55 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და 453 მილიონ ლარს მიაღწია - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
მონაცემების მიხედვით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 76 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული ასახავს კომპანიების მიერ მიღებულ შემოსავლებს (პრემიას) და ანაზღაურებულ ხარჯებს (ზარალებს) შორის სხვაობას. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 69 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ის 26 მილიონი ლარის ტოლი იყო, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 25 მილიონ ლარს შეადგენდა.
სეგმენტების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების ნახევარზე მეტი ჯანმრთელობის დაზღვევიდან გენერირდება. მთლიანობაში ამ სეგმენტის პრემიები 249 მილიონ ლარს უდრიდა, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი. სამედიცინო დაზღვევით საქართველოში სულ 773,366 პირი სარგებლობს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით არის მომატებული.
შემოსავლების (მოზიდული პრემიების) მხრივ მეორე ადგილს იკავებს ავტოდაზღვევა, რომლის მოზიდული პრემიებიც 85 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით არის გაზრდილი. დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა კი 140,367-ს შეადგენს, რაც წლიურად 9%-ით არის მომატებული.
კომპანიების მიხედვით, სადაზღვევო ბაზრის პრემიების 20% მოდის კომპანია ჯიპიაიზე, რომელმაც 92 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდა. "ჯიპიაი" ასევე ლიდერობს ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტზეც, სადაც მოზიდული პრემიების 27% მასზე მოდის. მეორე ადგილზეა "თიბისი დაზღვევა" 78 მილიონი ლარის მოზიდული პრემიებით, რომელიც ავტოდაზღვევის სეგმენტში ლიდერობს და მასზე ამ სეგმენტის მთლიანი პრემიების 21% მოდის. მესამე პოზიციას კი 60 მილიონი ლარით იმედი L იკავებს, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში "ჯიპიაის" შემდეგ ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშეა.





























