"საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ხარჯების ზრდის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი იყო. პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 188.9 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შესაბამისად, ეს თანხა, საოპერაციო მოგებამ ვეღარ დააბალანსა და ფინანსურ შედეგებში 163-მილიონიანი ზარალი აისახა.
ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:
- სატვირთო გადაზიდვები - 94,5 მილიონი ლარი;
- ლოგისტიკური სერვისები - 13,1 მილიონი ლარი;
- სამგზავრო გადაყვანები - 4,7 მილიონი ლარი;
- ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 8,3 მილიონი ლარი;
- სხვა შემოსავალი - 2 მილიონი ლარი.
კომპანიის საბალანსო უწყისის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების (კომპანიის მიერ გამოშვებული ბონდების) საბალანსო ღირებულება 296 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 1.64 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოს რკინიგზამ დღესვე 2019 წლის საქმიანობის აუდიტორული ანგარიშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რკინიგზამ საოპერაციო საქმიანობა კვლავ ზარალით დაასრულა, თუმცა ზარალის მოცულობა წინა წელთან შედარებით რამდენჯერმე შემცირდა და 5.6 მილიონი ლარი შეადგინა.
დიდი ოთხეულის წევრის, KPMG-ის მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს რკინიგზის" ჯამური შემოსავალი გაუმჯობესებული ტვირთბრუნვის გამო, ლარებში 15.8%-ით გაიზარდა და მან 491 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამურად, გადატანილი ტვირთების მოცულობა 8%-ით არის გაზრილი და ის 10.8 მილიონ ტონას შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რკინიგზის კონსოლიდირებული ზარალი 716 მილიონ ლარს შეადგენდა და ის ძირითადად საინვესტიციო ქონების გადაფასებით იყო გამოწვეული. 2018 წელს განხორციელებული კალკულაციით, რკინიგზის აქტივების საბალანსო ღირებულება 691 მლნ ლარით შემცირდა.
"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავისმხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი გარკვეული ტემპით, ნაკადების აღდგენა დაიწყო.