მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პირველ რიგში, გვინდა მშვიდობა" - Discover Georgia მაია ომიაძესთან შეხვედრაზე

ნინა კეკელიძე

Discover Georgia-ს დამფუძნებელი, ნინა კეკელიძე BM.GE-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში შემავალი კომპანიების მაია ომიაძესთან შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კერძო სექტორის მხრიდან არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა. მათ შორის, საქართველოს ტურიზმზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი.

კეკელიძე ამბობს, რომ კერძო სექტორი მშვიდობას ითხოვს, იმისათვის რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და განვითარდეს. ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოს ტურიზმის გეზი, რომელიც არ შეცვლილა და კვლავ პროევროპულია.

“კერძო სექტორის მხრიდან არაერთი საჭიროება დაფიქსირდა. მიმდინარე არასტაბილური ფონის აღინიშნა, ევროპული ბაზრებიდან საქართველოში ტურისტების შემცირება. ასევე, საუბარი იყო საზღვრის კვეთის ნაწილზე. ამასთან, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტზეა ორიენტირებული, გვინდა, რომ შესაბამისი მაღალ გადახდის უნარიანი ტურისტების მოზიდვის შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი იყოს კარგად გადამზადებული, კვალიფიციური და ა.შ. იყოს. თუმცა, პირველ რიგში, გვინდა მშვიდობა, რომ ძალადობრივი ფონი იყოს აღმოფხვრილი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა საქმიანი ტურიზმი, რამაც უშუალოდ დაარტყა კერძო სექტორის და სასტუმროების შემოსავლებს, ჯავშნებს. ამაზე პასუხი იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომ გავიდნენ ბაზრიდან ისეთი კომპანიები, რომლებიც არ იყო საქართველოს ქმედებებზე დამოკიდებული, როგორიცაა usaid. ამერიკის ხედვით მოხდა ამ ორგანიზაციების გასვლა, რამაც ძალიან დიდი ზიანი და დარტყმა მიაყენა სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. ჯამში ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს პირდაპირ და ირიბად ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორიდან.

მათი პოზიცია იყო, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამიზნე ბაზრების სიაში ევროპა და ევროპის ქვეყნები არის პრიორიტეტული. როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი, რეგულარული ფრენები easyJet-ისა და ბრიტანული ავიაკომპანიით დაიწყო. საუბარი იყო ასევე ახალ ევროპულ ტურისტულ გამოფენებზე, სადაც ადმინისტრაცია სატესტო რეჟიმში მონაწილეობას გეგმავს, რომ მომდევნო წლიდან უკვე კერძო სექტორს შესთავაზოს ამ ევროპულ ახალ ბაზრებზე მონაწილეობა. ასევე განიხილა საზღვრის კვეთის საკითხიც, რაზედაც ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - ამბობს Discover Georgia-ს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ბიზნესმა იმ შემცირებულ დატვირთვასა და მოთხოვნაზე მიუთითა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირდა. შესაბამისად, კერძო სექტორი მოლოდინშია, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს.

“ბიზნესის კუთხით, კახეთში ერთ-ერთმა სასტუმრომ თქვა, რომ I კვარტალი 25%-იანი ზარალით დახურა, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ, რომელიც გერმანულ ბაზარზე მუშაობდა თქვა, რომ წინა წელთან შედარებით 35%-იანი კლება ჰქონდათ.

კერძო სექტორი ითხოვს მშვიდობას, არაძალადობრივ გარემოს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ, რომ კერძო სექტორმა განაგრძოს ფუნქციონირება და განვითარება“, - აცხადებს ნინა კეკელიძე.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები