პირველ რიგში, ველოდები იმ კანონების უკუქცევას, რომელმაც შეაჩერა ევროინტეგრაცია, - ასე პასუხობს ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე bm.ge-ის კითხვას ბიზნესის საარჩევნო მოლოდინის შესახებ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა, პირველ რიგში, ეს ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან შეჩერებულია დონორების მხრიდან დაფინანსებები, რაც ექსპორტიორებს საფრთხეს უქმნის.
„ეს არის ნომერ პირველი დავალება. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენს წევრს და ნებისმიერ ჩვენს ექსპორტიორს საქართველოში - არც ვიცი ისეთი, რომელსაც არ აქვს მიღებული დონორული დაფინანსება, რომლის ხარჯზე ხორციელდება უამრავი საპოპულარიზაციო აქტივობა, დანადგარების შეძენა და ა.შ. - ყველაფერი ახლა დაპაუზებული, შეჩერებული აქვს. არაფერი არ ცხადდება. ყველა დონორი ელოდება მოვლენების განვითარებას და შესაბამისად, ეს პროცესები თუ არ ჩადგა მწყობრში და იმ სტატუს-კვოს არ დავუბრუნდით, რაც იყო თუნდაც ნახევარი წლის წინ, ფაქტობრივად, ექსპორტის სტატისტიკის ცვლილებას დადებითისკენ აღარც ველოდებით“, - განმარტა გვანცა მელაძემ.
მისივე თქმით, თუ ვითარება არ შეიცვალა, „რაღაც პერიოდი იქნება სტაგნაცია და ისევ უკან დავიწყებთ სვლას, ვინაიდან ამ მიმართულებით განვითარება აღარ იქნება“.