ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ სასწავლო ცენტრი “ბლაუენშტაინ ედუ” ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ტრენინგ-ცენტრი მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების სასწავლო პროგრამებს ავითარებს, რომლის პრაქტიკულ ნაწილსაც კომპანია უზრუნველყოფს.
„ჩვენი სასწავლო ცენტრი USAID-ის მხარდაჭერით ძალიან დიდ პროექტს ახორციელებს, კერძოდ, ამბროლაურის კოლეჯში მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების სასწავლო პროგრამებს ვნერგავთ. გვაქვს ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა. ეს პროექტი უკვე დაწყებულია. ოქტომბერში მივიღებთ პირველ სტუდენტებს. სტუდენტები თეორიულ ნაწილს გაივლიან ამბროლაურის კოლეჯში, ხოლო პრაქტიკას, ჩვენს საწარმოში”, - აღნიშნა თათია არაბიძემ.
სასწავლო ცენტრი “ბლაუენშტაინ - ედუ” 2018 წელს შეიქმნა, რაც კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კადრების სიმცირემ განაპირობა.
ცნობისთვის, “ბლაუენშტაინ საქართველო” რაჭაში ღორების და მეცხოველეობის ფერმებს ფლობს, სადაც წარმოებული პროდუქცია თბილისში, კომპანიის საფირმო მაღაზიებში იყიდება.