მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში საქართველოს NASCAR-ის გუნდი "KOLKHI GRT" ეყოლება

Kolkhi GRT

საქართველოს ამერიკულ ავტოსპორტ NASCAR-ში საკუთარი ფრენჩაიზი ეყოლება. ინფორმაცია BMG-ის ქართველმა ბიზნესმენმა ირაკლი ჩიქოვანმა მიაწოდა.

გუნდის სახელი "KOLKHI GRT" იქნება, რომლის წევრებიც იქნებიან დათა ქაჯაია და მარიამ დავითიძე.

"KOLKHI GRT" ევრო NASCAR-ზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მოიცავს 12 ეტაპს და 6 სხვადასხვა ქვეყანას: ესპანეთს, იტალიას, ინგლისს, ჩეხეთს, გერმანიასა და ბელგიას.

აღნიშნული ფაქტი ბევრი კომპონენტით იქნება გამორჩეული, კერძოდ გარდა იმისა, რომ საქართველოს პირველად ეყოლება საკუთარი ფრენჩაიზი, დათა ქაჯაია უმაღლეს PRO კლასში იასპარეზებს, რაც ასევე პირველი შემთხვევაა და ამავდროულად პირველად მოხდება ისიც, რომ საქართველოს სახელს ასეთი დონის ავტოსპორტულ შეჯიბრებაში ქალი მრბოლელი წარადგენს.

"პირველი მანქანა, რომელიც ვარჯიშისთვის იქნება განკუთვნილი საქართველოში დაახლოებით 10 დღეში ან 2 კვირაში გვეყოლება, ხოლო მეორე საშეჯიბრებო ევროპაში იქნება განთავსებული. მანქანის ღირებულება 100 ათას დოლარს აჭარბებს, რასაც დაემატება ჩამოყვანისა და განბაჟების საფასური, ვინაიდან ის ბაჟდება, როგორც ნივთი და არა როგორც მანქანა. ანუ ნივთის ღირებულებით ბაჟდება, იმიტომ რომ მანქანას არა აქვს ვინ კოდი (VIN code)" - განუცხადა BMG-ის ირაკლი ჩიქოვანმა.

ქართველი ბიზნესმენის თქმით, ამ ეტაპზე გუნდი დაკომპლექტებულია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინჟინერებითა და მექანიკოსებით, ხოლო მომავალი სეზონიდან იგეგმება, რომ ეს ნაწილიც მთლიანად ქართული კადრებით შეივსოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ქართველ მრბოლელებს საქმეში 18-19 აპრილს ესპანეთის ტრასაზე ვიხილავთ, სადაც დათა ქაჯაია PRO, ხოლო მარიამ დავითიძე OPEN კლასებში იასპარეზებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები