მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში, “Nexia საქართველომ” ბუღალტრულ სამუშაოებში რობოტები ჩართო

ნექსია

ბუღალტრის პროფესია მუდმივ, რუტინულ შრომასთანაა დაკავშირებული, რასაც დროისა და ადამიანური რესურსების დანაკარგამდე მივყავართ. ამ გამოწვევის საპასუხოდ აუდიტორულმა კომპანია “ნექსია საქართველომ” პროცესში რობოტული პროგრამები ჩართო, რომლებიც რუტინულ “შავ საქმეს” ბუღალტრის ნაცვლად ასრულებს - პროექტის შესახებ უფრო დეტალურად გელა მღებრიშვილი, “ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორი საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბუღალტრო პროცესებში კომპანია რობოტებს, უკვე 2 წელია, აქტიურად იყენებს.

“მიზეზი, რის გამოც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ისაა, რომ ბუღალტრულ პროფესიაში რუტინული შრომის წილი ძალიან დიდია, რაც დროის დანახარჯებთანაა დაკავშირებული. დავიწყეთ გამოსავლის ძებნა და მივაგენით რობოტულ პროგრამებს, რომლებსაც 2 წელია, სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ. 2 წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად ვავითარებდით მის ფუნქციონალსაც.

უკვე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კი პროექტში “Nexia მცირე და საშუალო ბიზნესისთვის” უკვე სრულად, ოფიციალურად დავნერგეთ აღნიშნული პროგრამები, დავიწყეთ აქტიური კამპანიაც და ამით გაიზარდა როგორც ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა, ისე თავად რობოტების დატვირთვა და ეფექტურობაც”, - აცხადებს გელა მღებრიშვილი.

“ნექსიას” მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ ბუღალტრულ პროცესებში რობოტების ჩართულობა ბაზრისათვის სიახლე იყო, თუმცა, ერთ დროს სკეპტიკური დამოკიდებულება, დადებითი გამოხმაურებით მალევე შეიცვალა.

“პირველები ვართ, ვინც საქართველოში ბუღალტრულ პროცესებში რობოტები ჩავრთეთ, შესაძლოა, ერთადერთიც, ამიტომ ხშირად ჩნდება კითხვები, ხომ არ გამოიწვევს რობოტული პროგრამების ჩართვა ბიზნესის არევას, თუმცა ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით მომხმარებელს, რომ, რობოტის უპირატესობებს შორის ერთ-ერთი დროის დაზოგვაა, მეორე კი - შეცდომების ალბათობის ნულამდე დაყვანა.

სწორი ინფორმირება ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ვუხსნით, რომ, ადრე თუ გვიან, ყველა გადავა მსგავს პროგრამებზე, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს ინოვაციური შეთავაზებაა. შეიძლება ითქვას, გავრისკეთ, თუმცა შედეგმაც არ დააყოვნა”, - ამბობს გელა მღებრიშვილი.

მღებრიშვილს რობოტული ტექნოლოგიებისა და ადამიანური კაპიტალის თავსებადობაზე ვესაუბრეთ. იგი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად სამუშაო პროცესის ავტომატიზაციისა, მოქმედი თანამშრომლებისთვის სამუშაოს დაკარგვის საფრთხე არ არსებობს.

“პირველი კითხვა, რაც, მათ შორის, ჩვენს თანამშრომლებსაც გაუჩნდათ, სამსახურის შენარჩუნებასთან იყო დაკავშირებული, რაც ლოგიკურია. კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი ტექნოლოგიური პროგრესი რომელიმე პროფესიის გაქრობასთან ყოველთვის იყო დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, “შავი საქმის” მკეთებელ ადამიანს რობოტი თავისთავად ანაცვლებს. თუმცა, რობოტი ათავისუფლებს რესურსს, რომელიც შეგვიძლია, ინტელექტუალური სამუშაოსკენ მივმართოთ. გამოთავისუფლებული დროით ბუღალტერს შეუძლია, თავისი ანალიტიკური საქმიანობა გააგრძელოს, რუტინული საქმე კი კომპიუტერმა აკეთოს. ჩვენი თანამშრომლებიც კმაყოფილები არიან, ამის გამო არც ერთ მათგანს სამსახური არ დაუკარგავს და არც ამის საფრთხე არსებობს დღევანდელი გადმოსახედიდან”, - განმარტავს გელა მღებრიშვილი.

მისივე განმარტებით, გარდა დროისა და ადამიანური რესურსის გამოთავისუფლებისა, რობოტული ტექნოლოგიების დანერგვამ ხელი შეუწყო საოპერაციო ხარჯების შემცირებასაც და, პროცესების ავტომატიზაციის გაზრდით, მისი ეფექტი კიდევ უფრო გაიზრდება.

“ნექსია საქართველო” რობოტული ტექნოლოგიების შეთავაზებას საერთაშორისო ქსელისთვისაც აპირებს. გელა მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ქვეყანას, მათზე მორგებული გადაწყვეტები, “ნექსიას” ქართულმა ოფისმა შესთავაზოს.

“ჩვენ, როგორც გლობალური ქსელის წევრს, ხშირად გვიწევს გამოსვლა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე. ჩანს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მსგავსი პროგრამები დანერგილი არაა და პირიქით - ჩვენ გაცილებით წინ ვართ. ამიტომ ეს შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მათზე მორგებული გადაწყვეტები შევთავაზოთ, რაც როგორც ჩვენთვის, როგორც საქართველოს ოფისისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვისაა კარგი”, - ამბობს გელა მღებრიშვილი.

“ნექსია საქართველო” გლობალური ქსელის, Nexia International-ის წევრია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, ასობით კომპანიას, აუდიტორულ, საბუღალტრო თუ საგადასახადო სერვისებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები