22-28 აგვისტოს, პირველად თბილისში, შარდენზე ფასდაკლებების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ტურიზმის წახალისების მიზნით ტარდება და მისი ერთი დღე ქართულ "სტარტაპებს“ დაეთმობა. ფასდაკლებების ფესტივალი აერთიანებს 100-მდე კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან სპეციალური ფასდაკლებებით და შეთავაზებით. ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსდება თემატური სტენდები და მაგიდები, სადაც წარმოდგენილი იქნება Tourist Panda-ს ფასდაკლების ბარათები და პარტნიორი კომპანიების შეთავზებები. ფესტივალის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: გამოფენა-გაყიდვა (არტი, ხელოვნება), დეგუსტაცია (ღვინო, ყველი, ჩურჩხელა), გათამაშება (პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები), აუქციონი (ტურისტების მიერ შექმნილი პროდუქცია), ცოცხალი მუსიკა და თეატრალური სანახაობა, ტალანტ შოუ - Tourist’s Got Talent. ფესტივალის სტუმრებისთვის ყოველდღიურად გათამაშდება სხვადასხვა პრიზები და ფასიანი საჩუქრები: ტურები, ვაუჩერები, ფასდაკლების ბარათები და ა.შ.
შარდენის ქუჩაზე განთავსებული იქნება მოლბერტი და სახატავი ფუნჯები, ქვიშის საათთან ერთად. ყველა სტუმარს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს ნახატის შექმნაში. დღის ბოლოს კი მათ მიერ შექმნილი ტილო აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
ფესტივალის დასასრულს, დახურვის ცერემონიალთან დაკავშირებით, ჩატარდება Tourist’s Got Talent. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური და მაყურებელი. ყველა მონაწილე სამახსოვრო სერთიფიკატით დაჯილდოვდება.

























