მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პირველადი ბინების გაყიდვები 22%-დან 15%-მდე შემცირდა“ – როგორი იყო უძრავი ქონების ბაზრისთვის 2025 წლის 11 თვე?

ბინები

TBC Capital-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 3%-იან ზრდას აჩვენებს. 2%-ით გაიზარდა გაყიდვები ნოემბერში და დედაქალაქში 3 627 ბინა გაიყიდა.

მნიშვნელოვანია, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვები 22%-დან 15%-მდე შემცირდა, შესაბამისად ტრანზაქციების უდიდესი წილი ე.წ. ძველ ბინებზე მოდის.

რაც შეეხება ფასებს, საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე $1 341-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა, ხოლო თვის ჭრილში 0.4%-ით შემცირდა.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ წლის შემაჯამებელ ეთერში “თიბისი კაპიტალის" უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ წელი სტაბილურად შეაფასა და აღნიშნა, ბაზარი როგორც გაყიდვების, ისე ფასების მხრივ ნორმალურ ნიშნულებამდე მიდის.

„2025 წლის 11 თვე რომ შევაჯამოთ, თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის სტაბილური წელი იყო. ჯამში, ტრანზაქციების რაოდენობამ 36,800-ის ფარგლებში იყო, რაც წინა წელთან შედარებით 3%-იანი ზრდაა. ვფიქრობთ, რომ 12 თვე, ანუ სრულად წელი ამ მაჩვენებლის ირგვლივ დაიხურება. რაც შეეხება ფასს, ნოემბერში საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე თბილისში 1 351$ იყო. ეს წინა წელთან შედარებით 4%-ით მეტია. უნდა ითქვას, რომ ფასი დასტაბილურებულია, ნორმალიზებული ზრდის ტემპი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო წელსაც უკვე გაგრძელდება.

2025 წელს ახალი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში იყო, ანუ ძირითადი წამყვანი მაინც არის ძველი ბინები. წარმოდგენა რომ შევიქმნათ მასშტაბზე, საშუალოდ თვეში იყიდება 3 400 ბინა, აქედან დაახლოებით 550-600 არის ახალი. წინა წლებში ეს მონაცემი იყო 20-22%-ის ფარგლებში.

ამ მონაცემის კლება დაკავშირებულია შიდა განვადებებთან. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ოფიციალურ დარეგისტრირებულ ტრანზაქციებზე და როდესაც შიდა განვადების პერიოდი იზრდება, რა თქმა უნდა, ეს ბინები შედარებით დაგვიანებით აისახება უკვე ტრანზაქციებში,“ - განმარტა დეისაძემ.

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისში ყველაზე მეტი ბინა კვლავ დიდ დიღომში იყიდება, რომელსაც ტრანზაქციებში 40%-იანი წილი უჭირავს. მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა კრწანისშიც.

რაც შეეხება ნებართვებს, "თიბისი კაპიტალში" ზრდის ტემპს საყურადღებოდ აფასებენ და ამბობენ, რომ არსებული მონაცემების გათვალისწინებით, მომდევნო პერიოდში ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„თბილისში 2025 წლის 11 თვეში ჩვენ გვაქვს ნებართვებში მნიშვნელოვანი ზრდა. ეს გასათვალისწინებელია იმ ფონზე, რომ წინა წლებშიც გაცემული სამშენებლო ნებართვები მაღალ დონეზე იყო, ანუ ეს ნიშნავს რომ სამომავლოდ უფრო მძაფრი და უფრო მძაფრი კონკურენცია იქნება ბაზარზე. ასევე ძალიან ხშირად ვისაუბრეთ ჩვენ შიდა განვადებების წილზე, რომელიც მაღალია და ეს რა თქმა უნდა საყურადღებოა.

მოთხოვნის ფაქტორებზეც რომ ვისაუბროთ, ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის შემოსავლების გაზრდილი დონე. შემოსავლების მიმღებთა რაოდენობა ოფიციალური სტატისტიკით გაზრდილია, რაც მსყიდველუნარიანობაზე დადებითად აისახება და დადებითად აისახება შემდეგ უკვე უძრავი ქონების ბაზარზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2026 წელი სტაბილური წელი იქნება უძრავი ქონების ბაზრისთვის. ვფიქრობთ, რომ გაყიდვებში არ იქნება მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილება. რა თქმა უნდა, თუ არ შეიცვლება გარე პირობებში, არ მოხდება რამე მნიშვნელოვანი.

ფასებშიც ვფიქრობთ, რომ სტაბილურია, რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველით.

ქირაზე ჩვენ გვქონდა 2025 წლის 11 თვეში შემცირების ტენდენცია, რომელიც 2023 წლის მარტიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება. 2025 წლის ნოემბერში 10.1$ იყო კვადრატულ მეტრზე რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი შემცირებაა.

თუმცა უკვე მომდევნო წლებში ჩვენ არ ველოდებით ასეთ მკვეთრ ცვლილებას, ვფიქრობთ, რომ კორექტირება გაგრძელდება იჯარაში, თუმცა არ იქნება ეს ისეთი მკვეთრი შემცირება, როგორიც ეს იყო 2024 და 2025 წლებში,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას სალომე დეისაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები