საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს რეფორმაში მონაწილეობისთვის საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რის გამოც სექტორს დამატებითი ინვესტიციის განხორციელება უწევს.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების სპექტრის დამატებასაც ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ 50%-ით იზრდება კლინიკების დაფინანსება, შედეგებზე ორიენტირებული სისტემა მათთვის ანაზღაურების დამატებით, 10%-იან ზრდასაც ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სატესტო რეჟიმის შემდეგ აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა. დაფინანსების მოდელის ცვლილება, ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდა, ახალი სერვისების დამატება და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება კლინიკებისთვის - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს. პროგრამა გასული წლის ივლისიდან სატესტო რეჟიმში 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ამოქმედდა, დღეს კი მასში რამდენიმე ათეული კლინიკა მონაწილეობს.
„მკაფიო კრიტერიუმებია, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კლინიკამ იმისთვის, რომ ჩაერთოს ამ ახალ დაფინანსების სქემაში. ეს არის ძირითადად ამბულატორიული მომსახურება, რომელიც პირველად ჯანდაცვასაც მოიცავს.
ეს კრიტერიუმები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს არის ინფრასტრუქტურული ცვლილებები, უწყვეტი განათლება ექიმებისთვის, ISO სერტიფიკატის აღება, რაც ასევე ხარისხის გარანტიების საფუძველია.
პაციენტისთვის რა ხდება ამ მიმართულებით? პირველ რიგში ის, რომ იზრდება არეალი, რაც ფინანსდებოდა, იმაზე მეტი ფინანსდება. მაგალითად კვლევები, დიაგნოსტიკურ კვლევებზეა საუბარი, რაც ძალიან კარგია. ერთი მხრივ ეს, რომ მათი მომსახურების არეალი იზრდება და მეორე მხრივ ის, მკაცრი კრიტერიუმები რეალურად უნდა აისახოს მომსახურების ხარისხზე, თუმცა იოლი არ არის, რა თქმა უნდა. საკმაო ინვესტიციები დასჭირდათ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნები...“
ვინც ჩართულია პროგრამაში, მათ ბიუჯეტი უკვე გაზრდილია და სადღაც 50%-ით გაიზარდა ბიუჯეტი და შესაბამისად ის დაფინანსების არეალიც, რაც დაუფინანსდებათ პაციენტებს, ვინც მიმაგრებულია ამა თუ იმ კონკრეტულ კლინიკაში. ამას ემატება ის, რომ ამ რეფორმის ფარგლებში წლის ჭრილში, ოღონდ ის კლინიკები, რომლებიც შესრულებულ სამუშაოს, ანუ წარმატებით შეასრულებენ იმ ინდიკატორებს, რა მოთხოვნებიც არის, მოტივაციის მექანიზმია ჩადებული, 10%-იანი დანამატი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაონ პაციენტებთან, განსაკუთრებით პრევენციაზე, სკრინინგზე და ა.შ ამის საფუძველზე წლის ჭრილში, როდესაც გადაიხედება მათი ეს წარმადობა, ეს მექანიზმიც ჩადებულია, რომ დამატებითი 10%-იანი ნამატის შესაძლებლობა ექნება კლინიკას”,-აცხადებს მაია მახარაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ჯანმრთელობის სააგენტოში პროგრამაში ჩართვის სურვილი განაცხადით დამატებით უკვე დაფიქსირებული აქვთ დაწესებულებებს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან.
2028 წლიდან პროგრამაში სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვაც არის გათვალისწინებული.
























