"უნივერსამის" დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციის გაიაფება შეუძლებელია. მან ამის შესახებ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განაცხადა, სადაც დღეს, საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.
როგორც ის განმარტავს, პირველადი მოხმარების პროდუქტები (იაფიანი ზეთი, წონის შაქარი, ფქვილი, წონის წიწიბურა, ბრინჯი...) ქეშბექის გარეშე იყიდება, სხვადასხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით [ქეშბექით] კი სუბსიდირებას უწევენ პირველადი მოხმარების საქონელს, რომ მათი გაყიდვის ხარჯი დააბალანსონ.
ამასთან, იოსებ ღუდუშაური დასძენს, რომ ქეშბექზე ზედა ზღვრის დაწესებით, შესაძლებელია გარკვეული პროდუქცია 3-4%-ით გაიაფდეს.
"პირველადი მოხმარების პროდუქცია მუშაობს ქეშბექის გარეშე, მაქსიმუმ 10%-იანი ფასნამატით, მაგის გაიაფება შეუძლებელია. ჩვენ თუ ვართ შეკრებილები იმისთვის, რომ "როშენის" ბამბანერკა გავაიაფოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს გამოიწვევს შაქრის გაძვირებას. თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები, რამაც შეიძლება კონკრეტული პროდუქცია გააიაფოს. ჩემი ფასდაკლება თუ არის 20% და სხვა ქსელს თუ აძლევს 40%-ს [ქეშბექს] ეს თუ ჩაიკეტება და იქნება დავუშვათ მაქსიმუმ 30%, ამ შემთხვევაში ამოვარდება მონოპოლიური მიდგომა მის მიმართ და შეეზღუდება, რომ დისტრიბუტორს მოსთხოვოს 50% ფასდაკლება. თუმცა მე მეეჭვება, რომ დისტრიბუტორმა მთელ ამ პროდუქციაზე 50% დააკლოს. მე თუ მაძლევს 20%-ს და მას 30%-ს, ის ამ ფასდაკლებას გაასაშუალებს ამ ფასს და მივიღებთ, რომ შესაძლებელია გარკვეული ტიპის პროდუქციაზე 5-დან 10%-მდე შემცირდეს ფასი და ეს ფასი ჯამურად მაქსიმუმ 3-4%-ით აისახება, დიდ შედეგს ვერ დადებს", - აცხადებს "უნივერსამის" დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური




























