მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხის დაფინანსება 101 მილიონ ლარამდე იზრდება

63482a6043249
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.22 23:55
2413
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2023 წელს 18.9 მილიონით გაიზრდება და რეკორდულ მოცულობას 101 მილიონ ლარს მიაღწევს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი კერძო მაუწყებლის კერძო სარეკლამო შემოსავალი, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მომდევნო წელსაც ყველაზე მდიდარი არხის წოდებას შეინარჩუნებს.

კერძო მაუწყებლებთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი შემოსავლის მიუხედავად, კვლავ დაბალია პირველი არხის რეიტინგი, რაც TVMR-ის მონაცემებით, 26 სექტემბერი- 2 ოქტომბრის პერიოდში 6.40% (SHR) შეადგენდა და მეხუთე ადგილს იკავებდა. შედარებისთვის ყველაზე რეიტინგული "იმედის" წილი ამავე პერიოდში 22.05% (SHR) იყო.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადასაცემი საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს მშპ-ის ზომაზე არის მიბმული, შესაბამისად მის ზრდას ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განაპირობებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა,"- ნათქვამია კანონში.

30 სექტემბერს პირველი არხის ძველი შენობა ვისოლ ჯგუფმა 77 მილიონ ლარად შეიძინა. საუბარია კოსტავას ქუჩაზე 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, სადაც ინვესტორი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარებას გეგმავს.

პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები