ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineat-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს არა - ადამიანის ჩამნაცვლებლად, არამედ ეფექტიანობის და პროდუქტიურლობის გაზრდის ინსტრუმენტად. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებაში, მათ შორის, ტექინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის როლი იყო. „ტექნოლოგიებში დამკვიდრებულია ცნება, რომ ინჟინრები ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან. ხელოვნური ინტელექტის მოსვლით კი, პირველი დარგი და პროფესია, რომელსაც AI-მ „დაარტყა“, სწორედ ინჟინერია აღმოჩნდა“, - აღნიშნა გიორგიმ ციკოლიამ ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამ პროცესს Lineat-ში შიშით არ უყურებენ.
ინტერვიუ გიორგი ციკოლიასთან
- როგორ ცვლის AI ეკონომიკას და, მათ შორის, IT სექტორის განვითარებას? რა არის ის საქმე, რასაც Lineate-ში ადამიანები აღარ აკეთებენ და უკვე ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლეთ?
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს შიშით არ ვუყურებთ და მინდა, საზოგადოებასაც ვთხოვო - ნუ უყურებთ ამას შიშით. პირიქით, შეხედეთ, როგორც შესაძლებლობას. ვფიქრობ, „ჩანაცვლება“ ალბათ არაა აბსოლუტურად სწორი სიტყვა იმასთან მიმართებით თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს და რისი - ხელოვნურ ინტელექტს. დიახ, გარკვეულ პროცესებში დღესაც უკვე ვხედავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს იმას, რასაც აქამდე ადამიანი აკეთებდა, თუმცა, საერთო ჯამში, ადამიანის შესაძლებლობა და ცოდნა - თუ როგორ მართოს ეს მოდელები - შექმნის იმ სიმბიოზს, რომელიც როგორც ჩვენს ინდუსტრიაში, ისე ყოველდღიურობაში საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ უფრო პროდუქტიულები, მეტი გავაკეთოთ, მეტი ვისწავლოთ და მეტი შესაძლებლობა გვქონდეს.
- მედიაშიც კი უკვე გვეხმარება AI, რომ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები...
- რა თქმა უნდა, ჩვენს ინდუსტრიაშიც ასეა. ტექნოლოგიებში დამკვიდრებულია ცნება, რომ ინჟინრები ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან. ხელოვნური ინტელექტის მოსვლით კი, პირველი ინდუსტრია და პროფესია, რომელსაც AI-მ „დაარტყა“, სწორედ ინჟინერია აღმოჩნდა და ამას მორგება სჭირდება. სწორედ ამ მორგების პროცესით ვიყავით დაკავებული 2025 წელს...
- რას გულისხმობთ მორგებაში?
- მაყურებელს მარტივად რომ ავუხსნათ, ნებისმიერ საქმეში არსებობს პროცესი, რომელიც გარკვეული ნაბიჯებისგან შედგება. ჩვენს პროფესიაშიც, სერვისის თუ პროდუქტის შექმნისას, არსებობს ასეთი ნაბიჯები, რომლებიც წლების განმავლობაში სრულად ადამიანზე იყო დამოკიდებული - იმაზე, თუ როგორ აკეთებს, რამდენად სწრაფად მუშაობს გუნდის სხვა წევრებთან და ა.შ. ჩვენ ავიღეთ ეს პროცესი, დავყავით და თითოეულ ნაბიჯში ჩავსვით ხელოვნური ინტელექტი - მოდელი, რომელიც ადამიანთან ერთად, დღეს უკვე ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტიანად ასრულებს საქმეს, ვიდრე წლების წინ. ეს ჯერ კიდევ შარშანწინ დავიწყეთ, თუმცა მაშინ AI მოდელები იმდენად განვითარებული არ იყო, რომ დიდ შედეგი დაგვენახა. რაღაცებს სწრაფად აკეთებდა, მაგრამ „სწრაფი“ არ ნიშნავდა ხარისხიანს და ხშირად გადაკეთება გვიწევდა. გასული წლის მეორე ნახევრიდან კი უკვე ვხედავთ, რომ გამოცდილი ინჟინრებისა და ხელოვნური ინტელექტის სიმბიოზი საუკეთესო შედეგს იძლევა - ეს რაც შეეხება შიდა პროცესებს. რაც შეეხება გარე პროცესებს - დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, მაგრამ სანამ ეს სიტყვა ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა, ტექნოლოგიებში არსებობდა (და დღესაც არსებობს) ცნება Data Engineering (მონაცემთა ინჟინერია). ჩვენი კომპანია სწორედ ამაზეა დაფუძნებული; პირველივე დღიდან ამით ვიყავით დაკავებული და, შესაბამისად, ჩვენთვის ბუნებრივი იყო, ამ ბაზისზე დაგვეშენებინა ხელოვნური ინტელექტის ისეთი მომსახურება, რომელსაც კომპანიები პრაქტიკაში დღესაც წარმატებით იყენებენ... თუ ადრე მომხმარებელი გვეკითხებოდა, შეგვიძლია თუ არა კონკრეტული მომსახურების გაწევა (განსაკუთრებით მონაცემთა დამუშავების კუთხით), დღეს საუბარია იმაზე, თუ რამდენად და როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამ სერვისების დანერგვა...
- როგორც ვხედავთ, ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობის ზრდაში აშკარად გეხმარებათ. რაც შეეხება დასაქმების ნაწილს - ინტერვიუს დასაწყისში ვახსენეთ, რომ ბიზნესის გადმოსახედიდან კარგია, როცა ანაზღაურებაზე ნაკლები ხარჯი აქვს დამსაქმებელს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ IT სფეროში 4000 ლარს აჭარბებს ხელფასები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ შარშანწინ გარკვეულ რაოდენობას ასაქმებდით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დღეს უკვე აღარ გჭირდებათ ამდენივე ადამიანი და, შესაბამისად, დანაზოგი გააკეთეთ?
- რაც შეეხება დანაზოგს, ვფიქრობ, ბაზარზე არსებულმა კადრებმა იციან, რომ Lineate-ში ხელფასები დაბალი ნამდვილად არ არის, პირიქით. ჩვენი მიდგომა არასდროს ყოფილა ის, რომ აუცილებლად პირველები ვყოფილიყავით და ყველაზე მაღალი ანაზღაურება შეგვეთავაზებინა, თუმცა ჩვენი პოლიტიკაა, მუდმივად ვიყოთ ზედა ზღვარზე სხვა კომპანიებთან ერთად. ამას ემატება ის სამუშაო გარემო, რომელსაც თანამშრომლებს ვუქმნით, რათა მათ საქმის კეთებისგან, ანაზღაურებისა და საერთო პროცესისგან სიამოვნება მიიღონ. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას: როგორც გითხარით, შარშან კომპანიას ორნიშნა ზრდა ჰქონდა. თუ ადრე თანამშრომლების რაოდენობის ორნიშნა ზრდა ნორმა იყო (ხანდახან სამნიშნაც კი), წელს ამას აღარ ვვარაუდობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი იზრდება. ანუ, დღეს უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი გამოცდილი კადრები, რომლებიც კომპანიაში წლებია მუშაობენ, კიდევ უფრო გავზარდოთ და ვასწავლოთ ახალ გარემოში მაქსიმალურად პროდუქტიულად საქმიანობა. ეს საშუალებას გვაძლევს, დღეს დამატებით ათობით და ასობით ადამიანის აყვანა აღარ დაგვჭირდეს. ინდუსტრიაში ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა ყველა ვაკვირდებით პროცესებს. შესაძლოა, წელიწადში ან წელიწად-ნახევარში ამ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციამ ბევრი ახალი პროფესია გააჩინოს და ჩვენს სფეროში დასაქმების ახალი ტალღა წამოვიდეს; თუმცა დღევანდელი ეტაპი არის იმის, რომ არსებული რესურსებითა და მინიმალური დამატებითი კადრებით მაქსიმალურად პროდუქტიულები ვიყოთ.




























