ქართულ გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC სომხეთში წარმომადგენლობას ხსნის - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, პროფესორმა ნინო მუსერიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეზობლოში ფილიალის გახსნა საქართველოს რეპროდუქციულ სექტორს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
"სომხეთში უკვე დასრულდა ჩვენი კლინიკის მშენებლობა და უკვე ლიცენზირებას ველოდებით დღეს. აქამდე თუ ვაპირებდით, რომ მომსახურება მხოლოდ უცხოელი პაციენტებისთვის გაგვეწია, დღეს ვიცით, რომ სომხეთში არის [ხელოვნური განაყოფიერების] პროგრამა, რომელშიც აბსოლუტურად თავისუფლად ჩავერთვებით და დავეხმარებით, მათ შორის, სომეხ პაციენტებსაც.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქართული ბრენდი სხვა ქვეყანაში შედის. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაცილებით მეტადაა ეს სფერო განვითარებული და ამით კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სომხეთში პირველი ემრბიოსკოპი ჩვენ შეგვაქვს, მათ აქამდე ეს ტექნოლოგია არ ჰქონიათ. პირველად იქნება ISO სერტიფიკატიც, შენობაც აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით ავაშენეთ ჩვენს სომეხ პარტნიორებთან ერთად", - ამბობს ნინო მუსერიძე.
მისი თქმით, სომხეთში GGRC-ის ფილიალი საუნივერსიტეტო კლინიკა იქნება, სადაც სამშობიარო და საოპერაციო ბლოკები განთავსდება.
საერთაშორისო წარმომადგენლობაზე საუბრისას ნინო მუსერიძემ აღნიშნა, რომ GGRC საქართველოს სახელით ჩინეთშიც წარდგება.
"ჩინეთი ჩვენთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც 25-26 სექტემბერს გამოფენა-ფორუმში საქართველოს სახელით წარვდგებით, სიტყვით გამოვალთ და დამსწრე საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა სერვისები გვაქვს.
მაგალითად, ჩინელი პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც GGRC-მა ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო და უკვე გვყავს ამ ტექნიკით დაბადებული ბავშვიც. ეს ძალიან საამაყოა, პირველად საქართველოში ჩატარდა მამაკაცის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და ოჯახს, რომლებსაც, შესაძლოა, შვილი არასდროს ჰყოლოდათ, პატარა გოგონა შეეძინათ", - აღნიშნავს GGRC-ის დამფუძნებელი.