მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ივლისიდან TaxiWomans-ი მუშაობას განაახლებს

64819bcb851bc
სალომე ხიდურელი
08.06.23 13:30
1810
ტაქსის გამოძახების სერვისი TaxiWomans, რომელიც მხოლოდ ქალებსა და 16 წლამდე მოზარდებს ემსახურება, პირველი ივლისიდან ოპერირებას საკუთარი აპლიკაციით იწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ანიტა ჩანქსელიანმა განუცხადა.

„ორი წლის წინ დაარსდა TaxiWoman-ი, რომელმაც, სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო მხოლოდ 1 თვე იფუნქციონირა, თუმცა გამოხმაურება და მზაობა ძალიან დიდი იყო, უბრალოდ გამოძახება ხდებოდა მხოლოდ სატელეფონო რეჟიმში. როდესაც კომპანია დაიხურა, გადავწყვიტე, მუშაობა გამეგრძელებინა და აღმედგინა ის, ამიტომ აპლიკაციაზე მუშაობა დავიწყეთ.

პროცესში გაჩნდა იდეა, რომ კომპანიაში მამაკაცებსაც მოვმსახურებოდით და სტანდარტული ტაქსი ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ისევ ქალბატონებზე ზრუნვა მირჩევნია. ამიტომ კომპანიას ერქმევა TaxiWomans და მოემსახურება ქალებსა და 16 წლამდე მოზარდებს. პირველი ივლისიდან აპლიკაციითა და სატელეფონო მომსახურებით უკვე ვბრუნდებით ქართულ ბაზარზე“, - ამბობს ანიტა ჩანქსელიანი.

მისი თქმით, კომპანიაში შეზღუდვა იქნება მძღოლებზეც.

„საბედნიეროდ, არ ყოფილა სირთულე მათი მოძიება. ის ქალები, რომლებიც აქამდეც მუშაობდნენ ჩვენს კომპანიაში, ისევ აქტიურად აპირებენ ჩაერთონ ამ საქმეშიც. დაახლოებით, 30 ქალ მძღოლზეა საუბარი, რაც ძალიან მახარებს. ისედაც ძალიან ბევრი მსურველია, გასაუბრებებს დავიწყებთ, რადგან იმაზე მეტი ქალია დაინტერესებული, ვიდრე მოველოდით“, - ამბობს ანიტა ჩანქსელიანი.

როგორც TaxiWomans-ის დამფუძნებელი განმარტავს, აპლიკაცია მისი და ორი პროგრამისტის პირადი ფინანსებით მზადდება და დიდი თანხაც იხარჯება. ამის მიუხედავად, კომპანია მძღოლებს დაბალპროცენტიან საკომისიოს სთავაზობს: „საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება აპლიკაციაზე. ამის მიუხედავად, კომპანია მთლიანად მოერგო დასაქმებულ პირებს, რომ ნორმალურ პირობებში იმუშაონ, კომპანია არ მოითხოვს მაღალ პროცენტს მათი შემოსავლიდან. მძღოლებისთვის მოგება იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე კომპანიისთვის“.

რაც შეეხება ტარიფებს, ანიტა ჩანქსელიანის თქმით, შეზღუდული სეგმენტიდან გამომდინარე, მომსახურების ფასი სტანდარტულზე მაღალი, თუმცა ბაზარზე მორგებული და ხელმისაწვდომი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია TaxiWoman 2021 წლის სექტემბერში გამოჩნდა და ამავე წლის ოქტომბრიდან ოპერირება შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები