თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი–„სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი დიდ დახმარებას გაუწვეს პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესიდეები.
“მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვხსნით სრულიად ახალ, პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს–„სილიკონ ველი თბილისი“. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ძალიან მოხარული ვართ, რომ პირველი კერძო ინვესტიცია არის მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები, რომლებიც დაწყებული იყო შარშან– პირველი ტექნოპარკის გახსნა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების განვითარება, ასე აიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ ძალიან გვახარებს კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს აქვს და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის. ეს არის სკოლა, მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, IT საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგცენტრები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში,“–განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრში დაინერგება დუალური სწავლების მოდელი, რაც გულისხმობს სწავლის პარალელურად, სტუდენტების სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას.
„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესიდეების სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

























