პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. "ქართული ზეთისხილის" ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ სამიზნე საექსპორტო ბაზრებს შორისაა ჰოლანდია, სადაც ქართული ზეთისხილის ზეთი სუპერმარკეტში გაიყიდება. ამასთან, გაზაფხულიდან პროდუქციის რეალიზების დაწყება იგეგმება ყაზახეთსა და რუსეთშიც.
"სექტემბერ-ოქტომბერში დავკრეფთ პროდუქტს და ალბათ მარტი-აპრილისთვის გავალთ ექსპორტზე", - ამბობენ კომპანიაში. გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად ექსპორტზე 60 000 კილოგრამი პროდუქცია გავა.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, სვანაძის თქმით, ქართული ზეთისხილის ზეთი ამ ეტაპზე თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება და რეალიზაცია მაღალია.
პირველი ქართული ზეთისხილის ზეთის რეალიზება მაისიდან დაიწყო. კომპანიას „ქართული ზეთისხილი“ წარმოება სიღნაღის რაიონში აქვს, ზეთისხილის პლანტაცია 250 ჰა მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.

























