მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ვიცეპრეზიდენტი - ახალი თანამდებობა ეროვნულ ბანკში

63e0f7c8d1044
ინგა მურუსიძე
06.02.23 17:13
2985
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის საბჭოს პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა ემატება. შესაბამისი ცვლილება შედის „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „საქართველოს ეროვნულ ბანკში ემატება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო".

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო დაავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ცვლილებების მიზანი ის გახდა, რომ კანონში ბუნდოვანი იყო, თუ რომელი ვიცეპრეზიდენტი შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავს 3 ვიცე-პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება. იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა, მიზანშეწონილია დაზუსტდეს ორგანული კანონის შესაბამისი დანაწესები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან, უმრავლესობის წევრები პარლამენტში: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკის ვიცეპრეზიდენტებია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძეს სებ-ის პრეზიდენტობის ვადა მიმდინარე თვეს ეწურება. ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები