პირველივე დღიდან აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას ვცდილობთ, თუმცა ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიან, - ამის შესახებ BM.GE-ს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში" განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთში, პროტესტის 173-ე დღეს, მოქალაქეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.
კომპანიის ცნობით, აქციის მონაწილეები, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, შესაბამისი თანხები უკვე აღებული აქვთ. შესაბამისად, მათთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ მიმართა მოსახლეობამ ასეთ კატეგორიულ ხერხს.
„დღემდე არ ვიცით რა მოთხოვნები აქვთ, გარდა იმისა, რასაც მედიით და საჯარო ინფორმაციით ვიგებთ. ამასთან, ამ ადამიანებს, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, უკვე აღებული აქვთ ანაზღაურება. შესაბამისად, მათ კიდევ დამატებით კომპენსაცია აღარ ეკუთვნით.
მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობა ზარალიანობის მიხედვით სამ კატეგორიადაა დაყოფილი. მაგალითად, პირველ კატეგორიაში ის ადამიანები არიან, რომლებმაც მეტი ზიანი მიიღეს, ხოლო მეორე და მესამე კატეგორიაში შედარებით ნაკლებად დაზარალებული მოსახლეობა მოხვდა. ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ კომპენსაცია აღებული, მეორე ან მესამე კატეგორიაში არიან მოხვედრილი და რიგს ელოდებიან. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რატომ მიმართეს ასეთ რადიკალურ ხერხს. მაშინ, როდესაც ყოველ დღე ვეუბნებით, რომ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ“,- აცხადებენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ჯერ კიდევ 2011 წელს, თავად მოსახლეობასა და კომპანიას შორის მოხდა შეთანხმება და კომპენსაციების გაცემა, სწორედ ამ მემორანდუმის ფონზე მოხდა.
კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ მათ სახელებისა და გვარების დასახელება შეუძლიათ, თუ ვის რამდენი თანხა აქვთ აღებული. შესაბამისად, მათი ერთადერთი სამოქმედო გეგმა, სამართლებრივი მიდგომა და მოლაპარაკებებია.
BM.GE გაცემულ კომპენსაციასთან დაკავშირებით შუქრუთში დაზარალებულ მოსახლეობას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ კომპანიის განცხადება, თითქოს მათ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე კომპენსაციები უკვე გასცეს, სიმართლეს არ შეესაბამება.