პირველი ქართული ვისკი JIMSHER გლობალურ წარმატებას აგრძელებს - ბრენდის ერთ-ერთმა სახეობამ, JIMSHER Trio-მ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე, World Whiskies Awards (WWA) 2026-ზე, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კომპანიის ინფორმაციით, World Whiskies Awards საერთაშორისო მასშტაბის კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ საუკეთესო ვისკის ავლენს. JIMSHER Trio-მ კი გამარჯვება მოიპოვა კატეგორიაში Blended - 12 Years & Under, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია.
ბრენდის დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ მიღებული ჯილდო არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ქვეყნის წარმატებაა.
მისივე ინფორმაციით, კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ეფუძნება „ბრმა დეგუსტაციის“ პრინციპს, რაც გამორიცხავს ბრენდის ცნობადობის გავლენას და აქცენტს მხოლოდ სითხის ხარისხზე, არომატსა და ბალანსზე აკეთებს.
„ეს ჯილდო არა მხოლოდ ბრენდის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. World Whiskies Awards-ის ოქროს მედალი ადასტურებს, რომ ქართული ვისკი კონკურენტუნარიანია მსოფლიო გიგანტების გვერდით და ჩვენს ქვეყანას შეუძლია თქვას ახალი სიტყვა ამ ინდუსტრიაში. World Whiskies Awards-ის ოქროს მედალი არის დადასტურება იმისა, რომ საქართველომ შეძლო და ვისკის რუკაზე საკუთარი, განსხვავებული სიტყვა თქვა. ეს აღიარება გვეხმარება, რომ ქართული ვისკის კულტურა მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს,“ – აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარება ბრენდის საექსპორტო პოტენციალის ზრდასაც შეუწყობს ხელს და ქართული ვისკის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს.
ჯიმშერის 6 სახეობის პროდუქცია უკვე 13 ქვეყანაში, მათ შორის ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებზე გადის ექსპორტზე, როგორიც ლიბანია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ბრენდის მესვეურები გვაწმუნებენ, რომ წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებია - წარმადობის მასშტაბური ზრდა და სრულიად ახალი ტექნოლოგიური ეტაპი დისტილაციის პროცესში.
მარტყოფში „ჯიმშერის“ ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მასში კომპანიამ საკუთარი ინვესტიცია, ჯამში, 10 მილიონი დოლარი ჩადო.




























