მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიცერია PAZZA ახალ ფილიალს ხსნის

PAZZA

PAZZA ფართოვდება. ახალი ფილიალი მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში გლდანში გაიხსნება. აღნიშნული სიახლე „ქალების ნარატივში“ „პაცცას“ თანადამფუძნებელმა, ქეთო პაპავამ დააანონსა.

კითხვას, რატომ გადაწყდა გლდანი? მან უპასუხა, რომ მომხმარებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა, კიდევ ერთი ობიექტი გლდანში გახსნილიყო.

"ეს იქნება საკმაოდ დიდი ფილიალი, ყველაზე დიდი რაც აქამდე გვქონია, რომელიც მომხმარებლებს მარტიდან უკვე გლდანშიც უმასპინძლებს,“ - აღნიშნა ქეთო პაპავამ.

მისი განმარტებით, „პაცცას“ გლდანის ფილიალში განხორციელებული ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს, რომელიც სასესხო ვალდებულებით განხორციელდა. ქეთო პაპავა განმარტავს, რომ ახალი ფილიალის გახნასთან დაკავშირებით იგეგმება კადრების გაზრდაც და გლდანის ფილიალში 10 ადამიანს დაასაქმებენ.

„პაცცას" პიცა არის ნეაპოლური, ბუთქუნა და კრაწუნა. ეს ეფექტი სწორედ შეწვის უნიკალური პროცესის შედეგია. მზარეულები იყენებენ Leoparding-ის მეთოდს – როგორც ლეოპარდს აქვს შავი კოპლები, ასევე პიცას მომზადების პროცესში უჩნდება ლაქები. საბოლოო ჯამში, გარდა ინგრედიენტებისა, პიცის გენიალურობა სწორად გამოცხობაშია. ასე რომ, სწორად გამომცხვარი პიცა დამატებით არომატს სძენს მას. მართალია, ჯერჯერობით დამფუძნებლებს Leoparding-ის მეთოდის ახსნა უწევთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი ერთგული მომხმარებლები მალე ფეხს აუწყობენ ნამდვილი პიცის გამოცხობის ერთ-ერთ საინტერესო ტექნიკას.

„პაცცას" მიზანია მომხმარებლებს სხვადასხვა StreetFood შესთავაზოს, მაგრამ დასაწყისში მათ აქცენტი პიცაზე გაამახვილეს. მრავალფეროვანი და გამორჩეული მენიუს შექმნის პროცესი ადვილი არ აღმოჩნდა. როგორც ქეთო პაპავა ამბობს, პიცების რეცეპტების ერთპიროვნული ავტორი თავად გახლავთ. ამჟამად „პაცცა“ მომხმარებლებს 10 სახეობის პიცას სთავაზობს, რომელთა ფასები 20-დან 29 ლარამდე მერყეობს.

პიცერია PAZZA უკვე 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად „პაცცას“ 2 ფილიალი ფუნქციონირებს, ინგოროყვას ქუჩის 10 ნომერსა და გაგარინის ქუჩის 18 ნომერში, ხოლო მარტიდან პიცერიის მესამე ფილიალი მომხმარებლებს გლდანში, ქერჩის ქუჩის 36 ნომერში უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები