მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლახოტნიუკის გზა: ოლოგარქობიდან პატიმრობამდე

პლახოტნიუკი

ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა: ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და გავლენიანი ოლიგარქი, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ფინანსური წარმატება პოლიტიკურ ძალაუფლებად და შემდეგ სრული სისტემური კონტროლის მექანიზმად გადაიქცეს.

პლახოტნიუკის ცხოვრება არის ერთგვარი ეპოპეა, სადაც არის: სწრაფი გამდიდრება, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება, საერთაშორისო ზეწოლა, სანქციები, გაქცევა და საბოლოოდ - დაკავება.

რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის ხელისუფლების მიერ მისი ექსტრადაცია განხორციელდა, რასაც, დიდი ალბათობით, რამდენიმეწლიანი პატიმრობა მოჰყვება, რომელსაც რთულია დაუმსახურებელი ვუწყოდოთ.

ახლა კი მის ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, პლახოტნიუკი 1966 წელს დაიბადა. განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი სამართლისა და ბიზნესის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. დამოუკიდებელი მოლდოვის პირველ წლებში მან საქმიანობა ფინანსურ და ენერგეტიკულ სფეროებში დაიწყო. განსაკუთრებული წარმატება Victoriabank-ში მოიპოვა, სადაც მაღალი პოზიციაც დაიკავა. სწორედ ამ წლებში დაიწყო მისი ქონების დაგროვება, რომელიც მალევე პოლიტიკური ამბიციების საწყისად იქცა.

2010 წლიდან პლახოტნიუკი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. ის პარლამენტის დეპუტატი გახდა და ვიცე-სპიკერის თანამდებობაც დაიკავა. მალევე, მან დემოკრატიული პარტია საკუთარ გავლენის არეალად აქცია, რაც ძირითადად მოსყიდვებით, ნეპოტიზმითა და კორუფციული გარიგებებით მოახერხა.

პლახოტნიუკმა სასამართლოს, პროკურატურისა და სამართალდამცავი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდება საკმაოდ მარტივად მოახერხა, რადგან მას ამისათვის საჭირო ფინანსური რესურსები ჰქონდა. მართალია, მისი ქონების შეფასება ოფიციალურად არასოდეს აღრიცხულა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკაში მოსვლის პერიოდში ის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აქტივებს ფლობდა.

ძალაუფლების ძირითადი შტოების მიტაცების პარალელურად, მან მედია-მაუწყებლობის სფეროშიც განიმტკიცა პოზიციები: მის ხელში აღმოჩნდა რამდენიმე პოპულარული ტელეკომპანია და საინფორმაციო საშუალება, რომელთა მეშვეობითაც ის საზოგადოებრივ აზრს აკონტროლებდა, ოპონენტებს კი დისკრედიტაციას უწევდა და მისთვის ხელსაყრელ ნარატივებს ავითარებდა. ზოგადად, ავტოკრატია და ოლიგარქია მედიის გარეშე არ არსებობს, ამიტომ თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პლახოტნიუკი ზუსტად მიჰყვებოდა ამ მიმართულებით აპრობირებულ გზებს. სწორედ ამ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა ფაქტობრივად ერთხმად აღიარეს, რომ მოლდოვაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ოლიგარქს, პლახოტნიუკს ემსახურებოდა.

ამ მოცემულობის უარყოფა კი თითქმის შეუძლებელი იყო, მიუხედავად მისი ფუჭი მცდელობების. პლახოტნიუკი ცდილობდა თავისი იმიჯი ფილანტროპიული პროექტებით გადაეფარა და თავი არა ძალაუფლების მიმტაცებელ ოლიგარქად, არამედ ქველმოქმედ პატრიოტად წარმოეჩინა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნისათვის სურდა. ის აფინანსებდა სოციალურ და საქველმოქმედო ინიციატივებს, კულტურულ პროექტებს და ცნობილ სახეებს, რომლებიც მას მხარს საჯაროდ უჭერდნენ, თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამას უფრო საზოგადოების მოტყუების მცდელობად განიხილავდა, ვიდრე გულწრფელ ქველმოქმედებად.

პლახოტნიუკის გავლენამ კრიტიკულ მასშტაბებს 2014–2015 წლებში მიაღწია, როდესაც მოლდოვაში ე.წ. „საუკუნის ქურდობა“ მოხდა, ამ დროს საბანკო სისტემიდან დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გაუჩინარდა, რამაც ქვეყანაში ფინანსური კრიზისი, ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება, ინფლაციის მკვეთრი ზრდა და საერთაშორისო ინვესტორების ნდობის შერყევა გამოიწვია. ამას თან ერთვოდა საზოგადოებაში არსებული პანიკა და უნდობლობა საბანკო-საფინანსო სექტორის მიმართ, რომლის ჭრილობებს მოლდოვა დღემდე იშუშებს.

მისი მხრიდან ბრალდებების უარყოფის მიუხედავად, არაერთი საერთაშორისო ანგარიში და გამოძიება მიუთითებს, რომ პლახოტნიუკის გარემოცვა პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ ფინანსურ თაღლითობასთან, რომელიც ათობით კომპანიას, მათ მენეჯმენტს და პასუხისმგებელ მარეგულირებლებსა და პოლიტიკოსებს მოიცავდა. საუკუნის ქურდობის შემდეგ, პლახოტნიუკის სახელთან არა მხოლოდ ოლიგარქია, არამედ თაღლითობა და კორუფციული სკანდალიც არის ასოცირებული.

თუმცა, მიუხედავად განუზომელი ძალაუფლებისა, პლახოტნიუკის ჰეგემონია ნელ-ნელა შესუსტდა. ოპოზიციურმა ძალებმა, მათ შორის მაია სანდუმ, საერთაშორისო მხარდაჭერაც მოიპოვეს და პლახოტნიუკის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლა გააჩაღეს. უცხოურმა პარტნიორებმა დაიწყეს ზეწოლა მოლდოვის ხელისუფლებაზე, რათა ოლიგარქის წინააღმდეგ მათ რეალური ზომები მიეღოთ. 2019 წელს პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პლახოტნიუკმა ქვეყანა დატოვა, თანაც გაქცეული ოლიგარქის სტატუსით.

ამის შემდეგ, მის ცხოვრებაში საერთაშორისო სანქციების და დევნის ეპოქა დაიწყო, რომლის კულმინაცია გასულ დღეებში ვიხილეთ. პლახოტნიუკს სანქციები დაუწესეს: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. დასავლურ სამყაროში მას გასაქცევი აღარ დარჩა, თუმცა რაც მისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა - ეს მისი აქტივების გაყინვა იყო. უფულოდ დარჩენილი, ძებნილი ოლიგარქი კი არც მისი მოკავშირეებისათვის აღმოჩნდა დიდად სასურველი სტუმარი.

გაქცეული ოლიგარქის ცხოვრება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა უცხოეთში, კერძოდ, ვანუატუში, ერაყში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბულგარეთში, დუბაიში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. გავრცელებული ინფორმაციით, მას არაერთი პასპორტი და ყალბი იდენტობა ჰქონდა, რაც ინტერპოლის ძებნის პროცესს ართულებდა, თანაც ის მოგზაურობისათვის არალეგალურ გზებს იყენებდა. თუმცა 2025 წლის ივლისში საბერძნეთში ის საბოლოოდ დააკავეს და მას შემდეგ, ის პატიმრის როლში აგრძელებს ცხოვრებას.

რაც შეეხება მის ქონებას, ზუსტი ციფრები დღემდე უცნობია. ექსპერტების შეფასებით, ძალაუფლების პიკში, მისი აქტივების შეფასება მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა დღეისათვის ეს შეფასება რელევანტური აღარ არის, რადგან მისი აქტივების უდიდესი ნაწილი გაყინული ან ჩამორთმეულია, ხოლო კორუფციული ბიზნესები - დახურული.

ბედის ირონიაა, მაგრამ ოლიგარქს, რომელსაც წლების განმავლობაში ჯიბეში ეჯდა სასამართლო, ახალ სწორედ მის წინაშე მოუწევს პასუხის გება და ცხოვრების გისოსებს მიღმა გაგრძელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები