გარემოს დაცვის სამინისტრო ქვეყანაში პლასტიკის ბოთლების აკრძალვის ინიციატივაზე მუშაობას. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანამ აქცენტი არა ბოთლების სრულ აკრძალვაზე, არამედ მათ რეციკლირებაზე (გადამუშავებაზე) უნდა გააკეთოს.
გოგალაძის განმარტებით, პლასტიკის ნარჩენი მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა არაა და ის პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მისი სრული აკრძალვა მსოფლიო პრაქტიკაში თითქმის არ გვხვდება.
მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის გამოცდილება უნდა გაიზიაროს, სადაც ძალისხმევა მიმართულია არა აკრძალვისკენ, არამედ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებისკენ. მისი შეფასებით, ევროპული სტანდარტებით, მწარმოებლებს უწესდებათ მოთხოვნები პლასტიკის ბოთლების წარმოებასთან დაკავშირებითაც, რაც პლასტიკს მარტივად რეციკლიებადს ხდის.
“პლასტიკის ბოთლებს რაც შეეხება- მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება შემცირდეს პლასტიკის ბუნებაში და გარემოში განთავსება, იმიტომ რომ ეს მხოლოდ გარემოს პრობლემა არ არის, ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემა ხდება შემდეგ. მე არ ვიცი ასეთი ქვეყანა, ერთადერთი მგონი რუანდაში არის პლასტიკის ბოთლების სრული აკრძალვა, თუმცა პრაქტიკაში რამდენად კარგად მოქმედებს ამას ვერ გეტყვით.
რაც არ არის აკრძალული ევროკავშირში, მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს მისი რეციკლირება. ისევ ვუბრუნდებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემას.
ევროკავშირის ქვეყნებში იმისთვის, რომ წახალისდეს პლასტიკის რეციკლირება - შემოტანილი აქვთ გარკვეული პროცენტული მაჩვენებლები, რომ პირობითად, 2030 წლისთვის ყველა პლასტიკურ ბოთლში 30% უნდა იყოს რეციკლირებული პლასტიკი.
ბუნებრივია კერძო სექტორიც უნდა გადაეწყოს ამ ყველაფერზე. ანუ ევროკავშირში კი არ აკრძალეს, დაუწესეს მოთხოვნები მწარმოებლებს, შენ რომ ბოთლს აწარმოებ, იმ ნაწარმოებ ბოთლში 30% იყოს რეციკლირებული პლასტიკი. რაც იმას ნიშნავს, რომ რეციკლირების კომპანიებს აქვთ მოტივაცია და არის მოთხოვნა ნედლეულზე.
შესაბამისად მოტივაცია აქვთ შემგროვებელ კომპანიებსაც, ორგანიზაციებსაც.
რეციკლირების ხელშეწყობით ბუნებრივია თავისთავად მცირდება ბუნებაში და გარემოში პლასტიკი, პროცესს ეხმარება, ხდება ნარჩენის გადამუშავება და იქმნება სამუშაო ადგილები.”-ამბობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე.




























