გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრაზე განხილული იქნა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე სტუმარმასპინძლობის სექტორს შეეზღუდებათ სასმლის პლასტიკის ბოთლებით შესყიდვა.
უწყება წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეფექტიანი რეგულაციების შემუშავების მიზნით, სამუშაო ფორმატში დიალოგი ბიზნესსექტორთან გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ "ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, კახა კაკაბაძე, ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტმასის ნარჩენების დაბინძურების შემცირებისა და ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმა სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით შეიქმნას. რეგულაციებმა უნდა დააბალანსოს საკითხის გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკური ასპექტები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნივთს – ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, კოვზს, ჩანგალს, დანას, საწრუპს, თეფშსა და სასმლის მოსარევს – მოიხმარს, რაც 3,9–5,9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.




























