მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტიკის ნარჩენების სიჭარბის ფონზე გადამმუშავებელი ქარხნები ნედლეული დეფიციტზე საუბრობენ

პლასტიკის ბოთლი

საქართველოში პლასტიკის გადამმუშავებელი საწარმოები მუშაობას აჩერებენ, მიზეზად კი ნედლეულის ნაკლებობას ასახელებენ. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს ხდება მაშინ, როცა პლასტიკის ნარჩენის დიდი რაოდენობით ბუნებაში მოხვედრის გამო მთავრობა პლასტიკის შეფუთვების აკრძალვას აანონსებს. ფაქტია წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენის შეგროვება სათანადოდ ვერ ხერხდება და ის ვერ გადამმუშავებელ ქარხნებამდე მიდის.

გადამმუშავებელი საწარმო "პოლივიმში" მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ქვეყანაში წლების წინ დაწყებული რეფორმა გაგრძელდეს, რომელიც მწარმოებლებს მათი მიერ წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვებას და გადამუშავებას ავალდებულებს. მათი თქმით, პლასტიკის სრულად აკრძალვით, ქვეყანა პლასტიკის გადამუშავებისგან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს დაკარგავს და უკვე ბუნებაში მოხვედრილი ნარჩენი ამოღებაც ვეღარ მოხდება.

“საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სრულმასშტაბიანი ფორმით, სისტემურად ამოქმედებული ნარჩენების მართვის რეგულაციები. არის ბევრი ნორმა მიღებული, არის ბევრი დადგენილება ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ძალა ამას მოკრებილი არ აქვს და მაინც ერთეული ფორმით ხდება აღსრულება - არ არის სისტემური მიდგომა. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ ხდება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, სხვადასხვა რეციკლირებადი ნარჩენის მიმართვა შესაბამის გადამამუშავებელთან. ნარჩენი კი უამრავია, მზარდია რაოდენობა წლიდან წლამდე და ეს დიდ გამოწვევად და პრობლემად რჩება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც და ბიზნესის კუთხითაც.

გადამმუშავებელი ქარხნები და მათ შორის „პოლივიმი“, რომელიც საქართველოში პლასტმასის გადამმუშავებელ სფეროში არის უმსხვილესი, არის იმ გამოწვევის წინაშე, რომ აქვს ნედლეულის დეფიციტი. ანუ, ცოტა პარადოქსულია: რამდენადაც ერთი მხრივ ფაქტია, რომ არის ძალიან ბევრი ნარჩენი საქართველოში, მეორე მხრივ, კომპანია განიცდის რესურსების, ნედლეულის დეფიციტს, იმიტომ რომ არ არის შეგროვება და ეს ნარჩენი ვერ აღწევს გადამამუშავებლამდე.

ეს ყველაფერი, ამავდროულად, არის გაფლანგული ეკონომიკური რესურსი. იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ნარჩენი დამუშავდეს, გაკეთდეს ამისგან ხელახალი ნედლეული, რომელიც იქნება უკვე მეორეული ნედლეული პოლიმერული მწარმოებლებისთვის, ეს მიდის და იფლანგება — უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყრელზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბუნებაში.

ჩვენთან, „პოლივიმში“, მაგალითად, ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე 2500 ტონაზე მეტი პოლიმერული ნარჩენი გვაქვს დამუშავებული, რომლის ნაწილი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ, მივაწოდეთ მეწარმეებს, ნაწილი ექსპორტზე გავიტანეთ ევროპის მიმართულებით. მუშაობს ჩვენთან დაახლოებით 40 ადამიანი და ეს ყველაფერი დგება რისკის ქვეშ, რადგან აი ეს გამოწვევები ჯერჯერობით ისევ გამოწვევებად რჩება.

რაც შეეხება აკრძალვას, აკრძალვა პირდაპირ ალბათ არ ეხმიანება ამ გამოწვევის აღმოფხვრას. იმიტომ, რომ აკრძალვის მიუხედავად, ის ნაკადები, რომლებიც ნარჩენის სახით მაინც რჩება, ამ ნაკადებს მაინც სჭირდება სისტემური მართვა, რომ მათი გადამუშავება, რეციკლირება მოხდეს და დაუბრუნდეს ეკონომიკას ეს რესურსები,”-ამბობს კომპანია პოლივიმის კომერციული მენეჯერი ბექა ფონჯავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები