მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტიკის პარკის აკრძალვის გამო, "გვგ პლასტსს" გადაიარაღება, სავარაუდოდ, 1 მლნ-მდე დაუჯდება

5ca21a5845684
ლევან თაღიაშვილი
01.04.19 18:46
1094
კომპანია “გვგ პლასტის” დამფუძნებელი გიორგი გელაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომპანია გადაიარაღების პროცესშია და ცდილობს, იმ რეგულაციებს მოერგოს, რომლის თანახმად, დღეიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაციას კრძალავს. 

მისი თქმით, კომპანიას ეს ძალიან ძვირი უჯდება, რაც მათთვის სერიოზული პრობლემაა.

“რეგულაციებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, ახლა გადაიარაღების რეჟიმში ვართ, გერმანელები გვყავს ჩამოყვანილი და ვცვლით დანადგარებს. ახალი პარკი იქნება ბიოდეგრადირებადი, აქამდე ჩვენ ოქსო-ბიოდეგრადირებადს ვაწარმოებდით. პარკში პლასტიკის შემცველობა გაუქმდა და გადავედით კომბოსტირებად, ბიოდეგრადირებად პარკებზე. დანახარჯებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება 1 მილიონიც კი დაგვიჯდეს, რადგან სერიოზული გადაიარაღება მიმდინარეობს. 5 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩვენს კომპანიაში დაბანდებული, შესაბამისად, თუ ახალ ეტაპზე არ გადავალთ, ყველაფერი დაიკარგება, ამიტომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს", - ამბობს ბიზნესმენი.

მან პარკის მწარმოებელ სხვა კომპანიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა გამოსავალს ვერ პოულობს და დახურვის ზღვარზეა.

„სხვა კომპანიები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ზოგს იმდენად ძველი დანადგარები აქვს, რომ გადაიარაღება არ შველის და მთლიანად ახლის ყიდვა უწევთ, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ. ვერ გეტყვით დაიხურებიან თუ შეძლებენ ადაპტაციას, მაგრამ, ფაქტია, ცუდ მდგომარეობაში არიან. ისეთი სურათი იხატება, რომ წარმოების 99% ამისთვის მზად არ არის და დახურვა ემუქრებათ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

"გვგ პლასტი" სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები