მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პლასტიკის სეპარირების და გადამუშავების ნაცვლად მისი აკრძალვით ახალ ველოსიპედს ვიგონებთ”- ნინო ჩხობაძე

ნინო

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე პლასტიკის ნარჩენებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას აკრიტიკებს. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენოს, სახელმწიფო გამოსავალს მხოლოდ აკრძალვებში ეძებს, რაც სისტემურ პრობლემას ვერ აგვარებს.

ჩხობაძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტის“ მიღების აუცილებლობაზე, რომელიც მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას გულისხმობს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის სისტემა მხოლოდ „დირექტიული ნორმებით“ ვერ აეწყობა და მას საზოგადოებრივი თვითშეგნება და ღიაობა სჭირდება.

“ყველაზე მთავარი, არის მივიღოთ ყბადაღებული ერთ-ერთი რეგლამენტი, რომელსაც ვერაფრით ვერ ვიღებთ, ეს არის შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტი, რომელიც არის აპრობირებული წესი და რატომ ვიგონებთ ველოსიპედს, ვერაფრით ვერ ვხვდები, როცა მეწარმე, რომელიც აწარმოებს ამ პროდუქტს, თვითონ იღებს გარემოდან ამას და იღებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ გადაამუშაოს ეს ყველაფერი.

ჩვენ იმის მაგივრად, რომ აქეთკენ წავიდეთ, ვიგონებთ ახალ ველოსიპედს სრული აკრძალვით, რომელიც შეიძლება კარგი იყოს, იმიტომ რომ მე, როგორც მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პლასტიკი არ იყოს გარემოში, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორი ნაბიჯები და როგორი ეტაპები უნდა განვახორციელოთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გარკვეულად შეჯერება ბიზნესთან.

ეს საუბრები არ უნდა იყოს დახურულ კარებს მიღმა. ეს საუბრები უნდა იყოს ღია და მსჯელობა უნდა იყოს საზოგადოებასთან ერთად, მაშინ ექნება ამას კარგი ეფექტი. იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გახსნილად ვსაუბრობთ სად გვაქვს პრობლემა, ის ყველაფერი ხდება მაგ შემთხვევაში დაძლევადი. ნარჩენების მართვის სისტემა ვერ აეწყობა ქვეყანაში დირექტიული ნორმებით. ეს უნდა იყოს თვითონ ერის და ადამიანის თვითშეგნების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება, მაშინ ის კარგად მუშაობს, მაშინ ის აღსრულებაც მოდის და რეალურად ჩვენ ამას ვიღებთ.

ჩვენ, სამწუხაროდ, ფრაგმენტულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, შედეგადაც ვერ ვიღებთ იმას, რა შედეგიც უნდა მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, პლასტიკი არის პრობლემა. პლასტიკი არის პრობლემა 21-ე საუკუნის და მით უფრო არის საქართველოსი. ნამდვილად არა მაქვს არანაირი სურვილი, რომ 22-ე საუკუნეში გათხრებს რომ ჩაატარებენ საქართველოში, მარტო პლასტიკი აღმოაჩინონ,”- ამბობს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები