პლასტიკური ქირურგიული სერვისების მიმართ მოთხოვნა და ფასები გაზრდილია, - ამის შესახებ პლასტიკურმა ქირურგმა გია გვარამია BM.GE-სთან განაცხადა.
მისი განმარტებით, მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი, თუმცა მატება განსაკუთრებით არაქირურგიული, თერაპიული ჩარევების მიმართულებით ფიქსირდება. საუბარია როგორც სახის, ისე სხეულის მოვლის პროცედურებზე, რომლებზეც პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა.
“მოთხოვნა ოდნავ მომატებულია, შეიძლება ითქვას, დაახლოებით 10%-ით. ახლა, მომართვიანობა გაზრდილია არაქირურგიულ ჩარევებზე, თერაპიული ჩარევებზე რაც არის - სახის მოვლა, სხეულის მოვლა და ა.შ.” , - თქვა მან.
რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, მისი თქმით, ქირურგიული ოპერაციების მხრივ პრიორიტეტები უცვლელი რჩება - კვლავ მოთხოვნადია ძუძუს პლასტიკა, ცხვირის პლასტიკა და ლიპოსაქცია. ამასთან, ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მამაკაცებში გინეკომასტიის (სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში) ოპერაციების რაოდენობა. ექიმის შეფასებით, ეს ტენდენცია შეიძლება სპორტული აქტივობის ზრდასა და სხეულის ვიზუალურ ფორმებზე გაზრდილ ყურადღებას უკავშირდებოდეს, რაც ბაზარზე ერთ-ერთ გამოკვეთილ ტენდენციად ყალიბდება.
რაც შეეხება ფასებს, გია გვარამია ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგიის სერვისები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაძვირებული, რაც იმპორტირებულ პროდუქციას უკავშირდება. როგორც ექიმი აღნიშნავს, ზრდა არ არის მკვეთრი და ბაზარზე მნიშვნელოვან უკმაყოფილებას არ იწვევს, ხოლო შემდგომი ცვლილება ინფლაციურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.




























