მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პლასტმასაზე რეგულაციის გადავადება გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ყველა ალტერნატივა, რომელიც გვაქვს" - "პეპსი საქართველო"

ნინო მამისაშვილი

"ქართული ოცნების" მიერ პლასტიკის ბოთლების გამოყენების აკრძალვის 4 წლით გადავადების გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს. "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი საქართველოს" ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დრო ინდუსტრიას და სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ალტერნატიული, ეკონომიკისთვის ნაკლებად საზიანო მექანიზმები ერთობლივად შეიმუშაონ.

როგორც ნინო მამისაშვილი BMG-სთან განმარტავს, კერძო სექტორს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაცია მანამდეც ჰქონდა, სადაც მკაცრი რეგულაციის ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება ინდუსტრიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ორი-სამი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ავუხსენით, რა გამოწვევების წინაშე დადგებოდა როგორც სექტორი, ასევე ეკონომიკა და დასაქმება, და ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა როგორ გაუარესდებოდა. მოგვისმინეს საკმაოდ ადეკვატურად, დაგვპირდნენ, რომ დაფიქრდებოდნენ, რა შეიძლებოდა ალტერნატიული შემოთავაზება ყოფილიყო მათი მხრიდან. ჩვენც დავპირდით, რომ ჩვენს მხარეს დავფიქრდებოდით და შევთანხმდით, რომ აღდგომის მერე შევხვდებოდით. ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა დღეს დილით როდესაც მოვისმინეთ გადაწყვეტილება გადავადებასთან დაკავშირებით.

სასიამოვნო სიურპრიზი იყო და მოხარულები ვართ. გვჯერა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი კონსულტაციების დასაწყებად, იმიტომ, რომ ოთხი წლის მერეც იმავეს გამოიწვევს ეს რეგულაცია, რასაც გამოიწვევდა შემდეგ წელს, თუმცა ამან მოგვცა დრო, რომ, ერთი მხრივ, ხარისხიანად ვიმუშაოთ და ხარისხიანად შევაფასოთ ყველა ეფექტი, რაც შეიძლება ასეთი ტიპის რეგულაციის შემოღებამ მოიტანოს და, მეორე მხრივ, შევაფასოთ ყველა ალტერნატივა, რომელიც გვაქვს", - ამბობს ნინო მამისაშვილი.

კომპანიის ფინანსური დირექტორი საუბრობს იმ ალტერნატიულ გეგმაზეც, რომელიც ბიზნესმა მთავრობას შესთავაზა. მისი განცხადებით, კერძო სექტორი მზადაა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოს, რაც ქვეყანაში ადგილობრივი გადამმუშავებელი ინდუსტრიის განვითარებასა და იმპორტირებული ნედლეულის ჩანაცვლებას შეუწყობს ხელს:

"ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ და გვესმის, როგორი საზიანოა პლასტიკით დაბინძურება. გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მთავრობას შევთავაზეთ, რომ ბიზნესი თავის თავზე აიღებდა სეპარირებული შეგროვების ნაწილს პირველ ეტაპზე და შემდგომ უკვე ამაზე შეიძლება სხვა სქემების დაშენება. ნარჩენების ნაწილი, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება, წავა გადასამუშავებლად და ამისთვის ბაზარიც არსებობს. არიან უკვე ქარხნები, რომლებიც გადამუშავების ნაწილში არიან აღჭურვილი, ნედლეულზეც უკვე არის მოთხოვნა.

ჩვენ ექსპორტიორებიც ვართ, ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს პროდუქცია და იქიდანაც არის მოთხოვნა, რომ რაღაც წილი გადამუშავებული PET-ი იყოს. ამისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში არ იშოვება და ამჟამად ჩინეთიდან შემოდის. გვჯერა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი კონსულტაციებისთვის და უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ნარჩენი ისე შევამციროთ, რომ ამით ეკონომიკა არ დავაზიანოთ", - ამბობს "პეპსი საქართველოს" წარმომადგენელი BMG-სთან.

რაც შეეხება 4-წლიანი საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდგომ ეტაპს, ნინო მამისაშვილი მიიჩნევს, რომ სეპარირების სისტემის ამოქმედების პირობებში, წარმოებაში პლასტიკის ტოტალური აკრძალვის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგება:

"გვჯერა, რომ 4 წლის შემდეგ აკრძალვის საჭიროება აღარ იქნება, თუმცა ამისკენ უნდა ვიაროთ, აქეთკენ უნდა ვიმოძრაოთ. გვჯერა, რომ სეპარირებული შეგროვებით მივაღწევთ იმ ნიშნულს, რა ნიშნულსაც მიაღწიეს ქვეყნებმა, რომლებმაც უფრო ადრე დაიწყეს ამის იმპლემენტაცია, ვიდრე ჩვენ ვიწყებთ. ოთხი წლის თავზე ჩვენც მნიშვნელოვნად შევამცირებთ ნარჩენის მოცულობას. შემდგომ უკვე ამ სეპარირებულ შეგროვებაზე შეიძლება სხვა სქემების დაშენება და ჩვენი ხედვაც ასეთია", - ამბობს ნინო მამისაშვილი.

სასმლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვის 4 წლით, 2031 წლამდე გადავადების შესახებ ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2027 წლის 1 თებერვლიდან იგეგმებოდა. გამონაკლისი წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს შეეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები