მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტმასის ბოთლების აკრძალვა მხოლოდ ლუდის სექტორშია შესაძლებელი, რასაც 5 წელი სჭირდება - "ეფეს საქართველო"

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

პლასტმასის ბოთლებში სასმელების ჩამოსხმის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ბიზნესსექტორი და ხელისუფლებასთან აქტიური კონსულტაციების მორიგი ეტაპის მოლოდინშია. „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ აცხადებს, რომ ინდუსტრია ერთიანი პოზიციით წარდგება მთავრობის წინაშე და გადაწყვეტილების მიღებისას ეკონომიკური რისკების გათვალისწინება აუცილებელია.

ხუნძაკიშვილის განმარტებით, სექტორს უკვე აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირაში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.

„ეს იყო წინა კვირას გაკეთებული განცხადება და ამ კვირის განმავლობაში ჩვენი მოლოდინია, რომ შეხვედრა გვექნება. თავდაპირველად მინისტრთან, ხოლო შემდეგ, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრთან. მოლოდინი დადებითია. ზოგადად, ბიზნესი ხელისუფლებასთან კომუნიკაციას ცალკეული კომპანიების დონეზე არ აწარმოებს. როგორც წესი, ეს ხდება შესაბამისი პლატფორმების, ბიზნეს ასოციაციებისა და დარგობრივი გაერთიანებების მეშვეობით. შესაბამისად, ინდუსტრია ერთიანი ხმით ესაუბრება ხელისუფლებას და ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მიდგომა იყო. ჩვენ მივმართეთ როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე იმ მინისტრებს, რომლებიც ამ სფეროში სხვადასხვა ფორმით არიან ჩართული. უკუკავშირი უკვე მივიღეთ პრემიერის განცხადებით და პირველი შეხვედრაც ამ კვირაში იგეგმება“.

„ეფეს საქართველოს“ წარმომადგენელი იხსენებს, რომ თავდაპირველ შეხვედრებზე პლასტმასის ბოთლების აკრძალვის საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა, თუმცა წლის ბოლოს სიტუაცია შეიცვალა. ის ხაზს უსვამს, რომ აკრძალვა მხოლოდ ლუდის ინდუსტრიაშია რეალური, თუმცა ამასაც გონივრული დრო სჭირდება.

„პირველი შეხვედრა ერთჯერადი პლასტიკის აკრძალვასთან დაკავშირებით ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართა. შეხვედრას ჩემი წარმომადგენლები ესწრებოდნენ და სწორედ იქ დაისვა კითხვა, ხომ არ იგეგმებოდა პლასტმასის ბოთლების აკრძალვა, რაზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი მივიღეთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა.

საქმე ის არის, რომ საქართველოში პლასტმასის ბოთლებში წყლის, წვენების, გაზირებული სასმლისა და ალკოჰოლის ჩამოსხმა 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აიკრძალოს. დადგენილება 12 მარტს მიიღეს, თუმცა ირაკლი კობახიძემ 16 მარტს თქვა, რომ შეიძლება გადაწყვეტილებას გადახედონ.

თუმცა, წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, ცალმხრივად გამოცხადდა, რომ მოხდებოდა როგორც წარმოების, ისე იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვა, მცირე გამონაკლისების გარდა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს გადაწყვეტილება არასერიოზულად აღვიქვით, რადგან მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს. აქ აუცილებლად უნდა განვმარტო, რომ პლასტიკის ბოთლების აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ ლუდის ინდუსტრიაში და პირადად ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, ლუდის სექტორში პლასტმასის ბოთლების გამოყენება აღარ ხდებოდეს. თუმცა ეს არ ეხება არაალკოჰოლურ სასმელებს, წყალს, მინერალურ წყლებსა და გაზიან სასმელებს. ლუდის ინდუსტრიაში ეს შესაძლებელია, თუმცა გონივრულ ვადებში და ეტაპობრივად. ამის მისაღწევად აუცილებელია ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატის შექმნა, რაც დაახლოებით ხუთწლიან პერიოდს მოითხოვს“.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, გადაწყვეტილება მოუმზადებელია და ის ეწინააღმდეგება მსოფლიო ბანკის კვლევის რეკომენდაციებსაც კი. გამოსავალი არა პირდაპირ აკრძალვაში, არამედ წარმოების გაფართოებული ვალდებულების (EPR) მოდელის სწორ დანერგვაშია.

„სტატისტიკა და მათემატიკა ძალიან ზუსტი მეცნიერებებია, და როგორც მათემატიკოსს, ჩემთვის ციფრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გადაწყვეტილება იწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ღირს მისი მიღება. არსებული მონაცემებით, ეს ეფექტი იმდენად უარყოფითია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ მგონია მიზანშეწონილი იყოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოუმზადებელი იყო და გარკვეული საკითხები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევიდან „გავალურჯოთ შავი ზღვა“.

წარმოების გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს მწარმოებლის პასუხისმგებლობას მის მიერ წარმოებული პროდუქციისგან წარმოქმნილ შესაფუთ ნარჩენებზე. ანუ, როდესაც მომხმარებელი შეიძენს პროდუქტს და გამოიყენებს მას, დარჩენილი შეფუთვის მართვა უკვე მწარმოებლის პასუხისმგებლობაა. მან უნდა შექმნას სისტემა, რომელიც ამ ნარჩენს გარემოდან ამოიღებს. რაც შეეხება საწარმოო პროცესში წარმოქმნილ ნარჩენებს, ყველა კომპანია, მათ შორის „ნატახტარი“, EFES, Coca-Cola და Pepsi, სრულად ახორციელებს მათ სეპარირებას. არც ერთი პლასტმასის ბოთლი არ ხვდება მუნიციპალურ ნარჩენებში. ისინი გადაეცემა ლიცენზირებულ კომპანიებს და ეს პრაქტიკა უკვე ეკონომიკურად გამართლებულია“, - განაცხადა ხუნძახიშვილმა "ანალიტიკაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები