საქართველოში პლასტიკის შეფუთვის შეზღუდვამ, შესაძლოა, იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტის შემცირება და ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი BM.GE-თან ინტერვიუში აცხადებს. ლაშა რიჟამაძის თქმით, რეგულაცია პირდაპირ დარტყმას მიაყენებს როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს.
რიჟამაძის განმარტებით, ბევრი უცხოელი მომწოდებელი პროდუქციას მხოლოდ პლასტიკის შეფუთვაში აწარმოებს და საქართველოს ბაზრის მცირე მოცულობის გამო, ისინი წარმოების ხაზებს არ შეცვლიან.
“რეალურად მსგავსი ტიპის რეგულაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს რიგი პროდუქციის ბაზრიდან გასვლა. გამომდინარე იქიდან, რომ საზღვარგარეთ მომწოდებლები ფიზიკურად არ ახდენენ სხვა ტიპის შეფუთვაში რიგი პროდუქციის წარმოებას. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოება იძლევა ალტერნატიული შეფუთვის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, მისი ფასი, როგორც ადგილზე საზღვარგარეთ, ასევე ლოგისტიკურად საკმაოდ განსხვავდება იმ ფასისგან, რაც გვაქვს პლასტიკის შეფუთვის მიმართულებით.
ეს როგორც მინიმუმ, გამოიწვევს ფასის ცვლილებას ამ თუ იმ პროდუქტზე, რომელიც საბოლოოდ იქნება სხვა შეფუთვის სახით წარმოდგენილი. ასევე საკმაოდ მაღალი ფინანსური ტვირთი შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის და მათ შორის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც ამ თუ იმ პროდუქტის იმპორტი შესაძლებელია აღარ ჩაითვალოს მიზანშეწონილად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირდაპირპროპორციულად აისახება გაყიდვებზე და მომხმარებლისთვის ვერ იქნება ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც ამ შემთხვევაში პლასტიკის შეფუთვებში ჩამოსხმული პროდუქტია”,- ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.



























