მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პლასტმასის ხით ან ქაღალდით ჩანაცვლება გაჭირდება”- იანვრიდან პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის ნაწილი იკრძალება

პლასტიკი

გარემოს დაცვის სამინისტრო სურსათთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირებას 2026 წლის 1 იანვრიდან იწყებს. როგორც სამინისტროში გვითხრეს, მიღებული გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე 6 დასახელების პროდუქტის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი აიკრძალება. საუბარია დანაზე, ჩანგალზე, კოვზზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებსა და სასმელის მოსარევ ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე.

უწყების განმარტებით, რეგულაცია არამხოლოდ მწარმოებლებს და იმპორტიორებს, არამედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც შეეხება, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით ახდენენ მზა სურსათის მომხმარებლებისთვის მიწოდებას.

ბიზნესი ამბობს, რომ ასეთ მოკლე დროში ბაზრის გადაწყობა შეუძლებელია. "ლანჩ გრუპის" დამფუძნებლის თქმით, კერძო სექტორს სავარაუდოდ, 3 თვე ექნება იმისთვის, რომ ნაშთების რეალიზაცია მოახდინონ, თუმცა ესეც არასაკმარისი დროა. გარდა ამისა, სამინისტროს მხრიდან შეთავაზებულია, რომ პლასტიკი ხის ან ქაღალდის მასალით ჩანაცვლდეს, რაც 4-5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პლასტიკი, ეს კი ბიზნესის მხრიდან დროსთან ერთად საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციებს მოითხოვს.

„არ არის მარტივად გადასალაგებელი და გადასაწყობი სეგმენტი, რომ უცბად პლასტმასი ჩაანაცვლო ან ხის პროდუქციით, ან ქაღალდის პროდუქციით, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამჯერ, ოთხჯერ და ხუთჯერ ძვირია.

მარტივად რომ აგიხსნათ, ახლა დისპენსერის წყლის ჭიქა ღირს ერთი თეთრი. იგივე კომპანიებს ჩემივე წარმოებულ ჭიქას ხუთ თეთრზე დაბლა ვერ მივაწოდებ.

მინიმუმ ექვსი და ცხრა თვე გვჭირდება, რომ არსებული ნაშთებიც გაიწოვოს, მაგრამ ჩანაცვლება პლასტმასის ხით ან ქაღალდით, ძალიან გაჭირდება, დამატებითი ინვესტიციები იქნება მოსაძიებელი. ხალხს, რომელიც აწარმოებდა პლასტმასის პროდუქციას და აქვს სესხები, ჩათვალეთ, რომ მთლიანად უნდა გადააიარაღონ დანადგარები… ამას მოჰყვება დისკუსია და კიდევ დაგვჭირდება შეხვედრა სამინისტროსთან, რადგან არათანაბარ სიტუაციაში აღმოვჩნდით ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი.

პოლიპროპილენისგან დამზადებულში ასხია წყალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმპორტით შემოსული პროდუქცია თურქეთიდან, თუ ევროპიდან, პლასტმასში შეფუთული შემოდის, იოგურტები პლასტმასში შეფუთულია. მაშინ იმას რატომ არ ეხება? გასაგებია, რომ საიდანღაც უნდა დავიწყოთ, მაგრამ დიდიდან დავიწყოთ, იმას უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ ის ერთი ბოთლი გადააფასოს ქაღალდში, ვიდრე ჩვენ, პატარა ბიზნესს”,- აცხადებს bm.ge-სთან ნინო მელაძე.

როგორც სამინისტროში ამბობენ და ბიზნესიც ადასტურებს, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რა დროში შეეხება რეგულაცია ე.წ ლანჩ ბოქსებსა, კონტეინერებსა და ერთჯერადი გამოყენების ჭიქებს. არსებული ინფორმაციით, პროდუქცია, რომელიც რეგულაციის ამოქმედებამდეა შეკვეთილი და იანვრის შემდეგ შემოვა ქვეყანაში, რეალიზაციის აკრძალვა არ შეეხება. რეგულაცია ასევე არ შეეხება პლასტიკის ნაწარმის წარმოებას, თუ ის ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები