პლატფორმა Edufy AI -მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი მოიპოვა.
როგორც პლატფორმის დამფუძნებელი, რომან მარქარიანი BM.GE-სთან საუბრობს, პლატფორმა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, რომ მოსწავლეებს სკოლის პროგრამის შესაბამისი ამოცანები და აქტივობები სხვა ლიტერატურიდან გაუგზავნოს.
„დიდი ხანია განათლების სექტორში ვართ. დავიწყეთ საქართველოს ბაზრით და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ლიეტუვაში, პოლონეთსა და ბულგარეთში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები განვახორციელეთ. ამასთან, ინდოეთსა და აზერბაიჯანშიც გავედით. ვმუშაობდით უშუალოდ სკოლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. ვსწავლობდით მათ პრობლემებსა და საჭიროებებს. ამ პერიოდში გაჩნდა პრობლემა, რაზედაც სწორედ ეს პლატფორმა Edufy AI ავაგეთ. პროექტზე მუშაობა წინა წელს დავიწყეთ.
პანდემიის პერიოდში, მასწავლებლები არაერთ პლატფორმას იყენებდნენ, რომლითაც ისინი მოსწავლეებს უკავშირდებოდნენ და დავალებებს უგზავნიდნენ. თუმცა, კვლავ მოუგვარებელი პრობლემა რჩებოდა ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს მასწავლებლები სკოლის პროგრამის მიხედვით, სხვა ლიტერატურიდან სხვადასხვა დავალებებს გაუგზავნიდნენ. ჩვენი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სწორედ ამას აგვარებს. მონაცემებს სხვა ლიტერატურიდან აგენერირებს, რასაც მასწავლებლები მოსწავლეებს უგზავნიან, უკან კი პირველადად შემოწმებული სახით უბრუნდებათ“,- აცხადებს მარქარიანი.
მისივე ცნობით, პროექტის დასრულებისთვის ვადა 9 თვეა. საწყის ეტაპზე სტარტაპმა ჯამში 25000 ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. Gita-ს მოგებული გრანტის საშუალებით, სტარტაპი მუშაობის უფრო სწრაფ ტემპში გაგრძელებას, მარკეტინგულ აქტივობებს და კადრების დამატებას გეგმავს.
"ამ ეტაპზე, ვებგვერდი მარტო ინგლისურ ენაზე მუშაობს და სხვა საგნებიც უნდა დავამატოთ. პლუს მარკეტინგული ზრდაც საჭიროა, ამასთან კადრები უნდა დავამატოთ, რომ წარმოების პროცესი ვადებში დასრულდეს. ეს არის 9 თვიანი პროექტი. პირველი ბაზარი ინდოეთი იქნება. ამასთან, საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი ამ პლატფორმის გამოყენება. თუმცა, საჭირო ინსტრუმენტი, იმისათვის რომ ამ პლატფორმის ამუშავება შევძლოთ. შესაბამისად, საუბარია ამის ინტეგრაციაზე.
ინდოეთის ბაზარზე, გვინდა მოლაპარაკებები ადგილობრივ გამომცემლობებთან დავიწყოთ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვქონდა რამდენიმე კომპანიასთან, თუმცა ახლა უკვე აქტიურ ფაზაში გადავალთ“,- განაცხადა დამფუძნებელმა.