თიბისის დეკრეტის კიდევ ერთი გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. დავით ცერცვაძე, სტარტაპერია, რომელმაც გამარჯვება გიორგი მეძმარიაშვილითან ერთად წარდგენილი პროექტით მოიპოვა.
თავად პროექტს რაც შეეხება, ეს არის LFG - ციფრული არხი გეიმერებისთვის, სადაც გუნდელის პოვნა და გასართობად სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობაა შესაძლებელი.
როგორც იდეის ავტორი დავით ცერცვაძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, გეიმერებისათვის თანაგუნდელის მოძიება ყოველდღიური გამოწვევაა და პრობლემის გადაჭრის გზად მათ სპეციალური პლატფორმის შეთავაზება წარმოადგინეს.
„გუნდური ონლაინთამაშების დროს, შესაბამისი სიძლიერის მქონე თანაგუნდელის მოძებნა მთავარი პრობლემაა. თამაშის პროცესში კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. შესაძლებელია ამისთვის დიდი დრო დაკარგო და ბოლოს სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიო. სწორედ ამიტომ, შევქმენით ვებპლატფორმა, სადაც ნებისმიერ დარეგისტრირებულ გეიმერს, მისი სიძლიერის შესაბამისი თანაგუნდელის მოძიება შეეძლება. პლატფორმაზე ამას მოთამაშეების სტატისტიკა უზრუნველჰყოფს“ - აღნიშნავს იგი.
გამარჯვებული პროექტის ავტორი იმასაც ამბობს, რომ პლატფორმა მარკეტზე ტოპ 6 გუნდური თამაშით გასვლას გეგმავს:"მარკეტზე, ვფიქრობთ, ტოპ 6 გუნდური თამაშით გავიდეთ. ამასთან, პლატფორმაზე ტურნირების გაკეთებასაც ვაპირებთ, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს მისცემს შესაძლებლობას გაიმარჯვოს და თავისი უნარების მონეტიზაცია მოახდინოს".