მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PlayStation-ს დისკების სლოტი აღარ ექნება - რა გადაწყვეტილება მიიღო Sony-მ?

Sony PS5 Pro

იაპონური ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, Sony-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2028 წლის იანვრიდან მის სათამაშო კონსოლზე, PlayStation-ზე დისკების გამოყენებით თამაშების ჩართვა შესაძლებელი აღარ იქნება.

როგორც ირკვევა, მოწყობილობას სრულად გაუუქმდება დისკების მიმღები. არსებული ინფორმაციით, 2028 წლიდან მომხმარებლები თამაშების ჩართვას მხოლოდ ციფრულად, პლატფორმა PlayStation Store-ის ან სპეციალური კოდების გამოყენებით შეძლებენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაგეგმილი ცვლილება პირდაპირ უკავშირდება ბაზარზე გაციფრულებულ თამაშებზე გაზრდილ მოთხოვნას და ფაქტს, რომ კომპანიებს მათი გაყიდვა დისკის გარეშე გაცილებით უმარტივდებათ.

რაც შეეხება ინდუსტრიის რეაქციას, მიღებულმა გადაწყვეტილებამ გეიმერების ნაწილში გარკვეული უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. მომხმარებლები სოციალურ ქსელებში შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ფიზიკური დისკების გაუქმება მეორად ბაზარს სრულად გაანადგურებს. ორგანიზაცია Ampere Analysis-ის წარმომადგენელი პირს ჰარდინგ-როლსი აცხადებს, რომ ციფრულ ფორმატზე სრულ გადასვლას სპეციალიზებულ მაღაზიებსა და მეორად ვაჭრობაზე ნეგატიური გავლენა ექნება. მისივე თქმით, მალე აზრი დაეკარგება კოლექციონერობასაც.

Sony-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ახალი კონსოლის, PlayStation 6-ის გარშემო დისკუსია კვლავ გაააქტიურა. კვლევითი კომპანია Niko Partners-ის ანალიტიკოსი დანიელ ახმადი აცხადებს, რომ იაპონური გიგანტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ შემდეგი თაობის კონსოლებში დისკების ჩასადებს ვეღარ შევხვდებით. ამასთან, ახმადი მოელის, რომ ინდუსტრია Sony-ს მეთოდებს გაიზიარებს და შემდგომ მოწყობილობებში თამაშების ფიზიკურად ჩატვირთვა აღარც სხვა კონსოლებზე იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავად Sony-მ ციფრულ ფორმატზე გადასვლა 2020 წელს დაიწყო და მომხმარებლებს PlayStation 5-ის ისეთი ვერსიაც კი შესთავაზა, რომელსაც დისკის წამკითხველი არ ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები