PMCG კვლევამ პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ის გამოწვევები მიმოიხილა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას უშლის ხელს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ პროფესიული განათლება საქართველოში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას - საგანმანათლებლო პროგრამების შეუსაბამობა შრომის ბაზარზე ამჟამად არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან, პროფესიული განათლების სფეროში პედაგოგების მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემის არარსებობა, სოციალური პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაკლები ჩართულობა, კერძო სექტორის ჩართულობის არასაკმარისი დონე. არსებული გამოწვევები განაპირობებს პროფესიული განათლების ნაკლებ მიმზიდველობას, განსაკუთრებით კი ახალგზარდებში. ყოველივე ეს აფერხებს პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულების თვითდასაქმების დონის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ქვეყანაში მცირე და საშუალო სამეწარმეო სექტორისა და, ზოგადად, მეწარმეობრივი კულტურის განვითარებას. კურსდამთავრებულთა კვლევის თანახმად, მათი მხოლოდ 5%-ია თვითდასაქმებული, 51.6% კი - საერთოდ არ მუშაობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით9 . პროფესიული სასწავლებლების ნაკლებ მიმზიდველობა განაპირობებს ქვეყანაში კვალიფიკაციის არასაკმარის დონეს, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებით სარგებლობას.
„უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროფესიულ განათლებაში მეწარმეობის სწავლების დანერგვის მიმართულებით. 2015 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე, მეოთხე და მეხუთე საფეხურის სტუდენტებისათვის მეწარმეობა სავალდებულო მოდული გახდა. მოდულს ექვსი მოსალოდნელი შედეგი აქვს: ბიზნესის დაგეგმვა, ბიზნესის რეგისტრაცია, ბიზნესის მართვა, პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაცია, გამარტივებული ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ადამიანური რესურსების მართვა. მოდულის მიზანია სტუდენტებისათვის მეწარმეობრივი ხედვისა და მოტივაციის განვითარება, რაც მომავალში მათ მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყების საფუძველი გახდება. ასევე, მეწარმეობის სწავლება მიზნად ისახავს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რაც სტუდენტებს დაეხმარებათ მცირე ზომის საწარმოს შექმნაში, ან არსებული საოჯახო ბიზნესის გაფართოებაში. მეწარმეობის მოდულის სტუდენტები ფასდებიან ბიზნესგეგმის საფუძველზე, რომელსაც თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ადგენს. მოდულის რეკომენდაციით, სასურველია გეგმაში ასახული ბიზნესის თემატიკა დაკავშირებული იყოს სტუდენტის პროფესიასთან”, - ვკითხულობთ კვლევაში.