მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიეთილენის აკრძალული პარკები, შესაძლოა, გაყიდვაში დროებით ისევ დაუშვან

5cb589840e1ec
თათია ჩაფიჩაძე
16.04.19 11:37
4599
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის კახა კუჭავას განცხადებით, პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა გადაიხედოს.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას კუჭავამ განაცხადა, მწარმოებლებისთვის მიცემული დრო გადაიარაღებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ცვლილებები მთავრობის დადგენილებით იქნა მიღებული; შესაბამისად, პარლამენტი თავის დროზე პროცესში არ იყო ჩართული. არ გვქონდა აქამდე მწარმოებლებთან შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ მათთვის მიცემული დრო გადაიარაღებისთვის საკმარისი არ იყო.

ჩვენ მოვუსმინეთ მწარმოებლებს და ასევე გვექნება შეხვედრები როგორც - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, იქნება ეს მთავრობისთვის მისამართით, თუ იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
მე არ მინდა დაუფიქრებლად და დაჩქარებულად მოხდეს კონკრეტული ინიციატივის შემოღება, მითუმეტეს როცა მთავარია, ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების მოძლიერება. არ უნდა მივიღოთ მოკლე დროში გაწერილი ისეთი გადაწყვეტილება, რომ მათ ხელი შეეშალოთ თავიანთ საქმიანობაში. თუ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გადაირაღებისთვის საჭიროა დამატებითი ვადა, ჩემი აზრით, გონივრული იქნება მათ გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პოლიეთილენის პარკების გამოყენება სრულად 1 აპრილიდან აიკრძალა, თუმცა მთავრობას შემოწმების სრულყოფილი მექანიზმი არ აქვს. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც იმპორტირებული პროდუქციის შემადგენლობას დაადგენს.

ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, დიდი სავაჭრო ობიექტების უმეტესობაში იმპორტირებული პროდუქციაა შეტანილი.

bm.ge-ის შპს „აა პლასტის“ იურისტმა მელიტა ტყაბლაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შემოწმებული იმპორტირებული პროდუქციის დასკვნაც მიაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ „გამოსაკვლევად წარმოდგენილი პარკი წარწერით „spar” დამზადებულია პოლიეთლენის ფუძეზე, რომელიც დანამატების სახით შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებას/ნივთიერებებს, რომელთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შესაბამისი მონაცემების და სტანდარტული ნიმუშების არქონის გამო.“

ადგილობრივი მწარმოებლები საწარმოების გადაიარაღებამდე რეგულაციების გადავადებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სხვა შემთხვევაში, იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ გაუწევდნენ და წარმოების გაჩერება მოუწევდათ.

თემაზე კომენტირებისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული რისკებისა, „სხვა გზა არ არსებობდა.“ დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი რეგულაცია პრაქტიკაში გამოიცდება, გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში კი, დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებებიც განხორციელდება.

რაც შეეხება ლაბორატორიას, მინისტრმა განაცხადა, რომ იტალიის მთავრობის გრანტით, შესაბამისი ლაბორატორია საქართველოში მალე ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები