მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პოლიეთილენის პარკების ამოღების პროცესში თუ მუნიციპალიტეტი არ ამუშავდა ძალიან გვიჭირს”-სამინისტრო

პოლიეთილენის პარკი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მუნიციპალიტეტებს საცალო ქსელებში პოლიეთილენის პარკების უფრო აქტიური მონიტორინგისკენ და კონტროლისკენ მოუწოდებს. სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით საცალო ქსელებია, სადაც პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით შესაბამისი კონტროლი არ ხორციელდება, რაც მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.

“ერთჯერადი პლასტიკის პარკების ამოღების ნაწილში თუ მუნიციპალიტეტი არ ამუშავდა ძალიან გვიჭირს. გარემოს ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს მხოლოდ და მხოლოდ საწარმოებს, საბაჟო აკონტროლებს იმპორტს. თვითონ საცალო ქსელი უნდა შეამოწმოს მუნიციპალურმა ინსპექციამ. აქ არის მათი როლი, რომელიც კარგად უნდა დაინახონ მუნიციპალიტეტებმა.

მინდა მივმართო მუნიციპალიტეტებს, გააქტიურდნენ. ისინი დამოუკიდებლები არიან, ორგანული კანონით რეგულირდებიან, მაგრამ მათ ჰყავთ ინსპექციები, რომელთაც შესაბამისი რეგლამენტით აქვთ ვალდებულებები გაწერილი. შეიძლება სადღაც სოფელში ან სადმე არალეგალური ბაზარი დარჩეს, მაგრამ ძირითადად საცალო ქსელებში ამის ამოღება უნდა მოხდეს. ეს უნდა გაითავისონ საცალო ქსელების მეპატრონეებმაც.” -ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.

ცნობისთვის, როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რეგულაციები 2023 წელსაც გაფართოვდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები