მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა, თუმცა, მთავრობას შემოწმების მექანიზმი არ აქვს

5ca5fcc9624f1
თათია ჩაფიჩაძე
04.04.19 16:43
8396
„მესმის რომ იქნება ვნებათაღლვაც, კრიტიკაც, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს“ - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პოლიეთილენის პარკების აკრძალვის საკითხზე ადგილობრივი მწარმოებლების კრიტიკას. როგორც მთავრობის სხდომის დასრულებისას დავითაშვილმა განაცხადა, ახალი რეგულაცია პრაქტიკაში გამოიცდება, გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში კი დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებებიც განხორციელდება.

„ეს არ არის მარტივი პროცესი, რთული გეგმა დავისახეთ, რომ მოხდეს პოლიეთილენის პარკების სრული ელიმინაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ გარემოსდაცვითი აღქმა არც ისე მაღალია საზოგადოებაში და ეს არის ზომა, რომელსაც სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და რომელიც ხელს შეუწყობს იმ ბუნების გაფრთხილებას, რაც გვაქვს და რითაც ვამაყობთ.

ხშირ შემთხვევაში რთული რეგულაციის ამოქმედებას ბევრი კომუნიკაცია სჭირდება. შესაძლოა, კორექტირება შევიტანოთ ამ დადგენილებაში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების როლი გადავანაწილოთ იმგავარდ, რომ მოხდეს სრული გაკონტროლება.

მესმის ვნებათაღლვაც იქნება, კრიტიკაც, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს და ცვლილებებიც შევიდეს. პრაქტიკაში წარმოებული საკითხები დარეგულირდება, ამაზე გვაქვს დიალოგი. გამოვლინება უნდა იყოს უტყუარი, რომ სანქცია რომელიც გაიცემა, არ იწვევდეს ეჭვებს“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობას, რომელიც დაადგენს პარკი ბიოდეგრადირებადი არის თუ არა, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, იტალიის მთავრობის გრანტის წყალობით შესაბამისი ლაბორატორია მალე ამოქმედდება. იქამდე კი საზღვარზე შესაძლო ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოტანის თავიდან არიდება, მაქსიმალური კონტროლით იქნება შესაძლებელი.

„დაწყებული გვაქვს მუშაობა მათ შორის ლაბორატორიული გაძლიერების კუთხით გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ასევე მადლობა იტალიის მთავრობას, საიდანაც მივიღეთ მნიშვნელოვანი გრანტი ასეთი ლაბორატორიის მოასწყობად. უკვე შეძენილია, მაგრამ იცით, რომ კვლევას თავის წესები აქვს და აკრედიტაციას სჭირდება დრო.

ის, რაც მიკვლევადია და დოკუმენტურად ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, ეს ხორციელდება მათ შორის საბაჟო დონეზე. იმ შემთხვევაში თუ ეჭვი შეიქმნა გადამოწმდება მეზობელ ქვეყნებში. ცალსახად მიუღებელია, რომ იმპორტული პროდუქცია გაასაღონ ისე, როგორც კანონთან შესაბამისი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, დიდი სავაჭრო ობიექტების უმეტესობაში იმპორტირებული პროდუქციაა შეტანილი, რომლის გადამოწმებაც ვერ ხორციელდება.

bm.ge-ს შპს აა პლასტის იურისტმა მელიტა ტყაბლაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შემოწმებული იმპორტირებული პროდუქციის დასკვნა მიაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ „გამოსაკვლევად წარმოდგენილი პარკი წარწერით „spar” დამზადებულია პოლიეთლენის ფუძეზე, რომელიც დანამატების სახით შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებას/ნივთიერებებს, რომელთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შესაბამისი მონაცემების და სტანდარტული ნიმუშების არქონის გამო.“
ადგილობრივი მწარმოებლები რეგულაციების გადავადებას საწარმოების გადაწყობის მიზნით ითხოვდნენ. სხვა შემთხვევაში კი აცხადებდნენ, რომ იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ გაუწევდნენ და წარმოების გაჩერება მოუწევდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები