უკვე 5 წელზე მეტი გავიდა რეგულაციიდან, რომელიც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიეთილენის პარკების წარმოებას ეხებოდა. 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რეგულაციები გაფართოვდა 2023 წელსაც, თუმცა ხუთივე წელია კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული რეგულაციების აღსრულება არ ხდება, შესაბამისად, პოლიეთილენის პარკების როგორც წარმოება, ისე საცალო ქსელებში მათი რეალიზაცია ისევ ხდება.100%-ით ბიო შეფუთვაზე გადასვლა ბევრ ევროპულ ქვეყანას გაუჭირდა და ამისთვის რამდენიმე წლიანი სისტემური მუშაობაა საჭირო, თუმცა იმისთვის, რომ პოლიეთილენი გარემოდან გაქრეს მნიშვნელოვანია, უფრო ხშირი მონიტორინგი და ნიმუშების ყოველკვირეულად ამოღება, როგორც საწარმოებიდან, ისე სავაჭრო ქსელებიდან.
ამ პროცესში უმთავრესი რგოლი შესაბამისი ლაბორატორიის არსებობაა, რომელიც რამდენიმე წლიანი საუბრის მიუხედავად ამ დრომდე არ გვაქვს. გასული წლის ბოლოს სამინისტროში BMG-ის უთხრეს, ის უწყების ლაბორატორიის ბაზაზე მიმდინარე წლის იანვრიდან იქნებოდა ხელმისაწვდომი, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. როგორც გუშინ მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გვითხრა, შესაბამისი სტანდარტებით მისი მოწყობა მომდევნო 3-თვიან ვადაში დასრულდება და ხელმისაწვდომი 1 მაისისთვის იქნება.
თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საცალო ქსელებში პოლიეთილენის პარკების უფრო აქტიური მონიტორინგისკენ და კონტროლისკენ მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს და ამბობს, რომ მათი ამუშავება ძალიან ჭირს, რაც იწვევს ბაზარზე ჭარბი რაოდენობით პოლიეთილენის პარკის არსებობას.
სტუმარი: მელიტა ტყაბლაძე - "აა პლასტის" იურისტი