პოლიეთილენის პარკების საწარმო „კირიბმა“ მუშაობა შეაჩერა.
როგორც bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა მამუკა ციკოლიამ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი ის რეგულაციებია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაციას კრძალავს.
„ვაპირებთ რეგულაციებზე მორგებას, ამიტომ საჭირო დანადგარები გამოვიწერეთ ჩინეთიდან, ასევე საჭირო მასალები - ჩინეთიდან და გერმანიიდან, რომელიც უკვე გზაშია და დაახლოებით, თვენახევარში ჩამოვა; ამის შემდეგ მოხდება საწარმოს გადაწყობა ახალი რეგულაციის შესაბამისად და მუშაობას განვაგრძნობთ“, - განაცხადა მამუკა ციკოლიამ და დასძინა, რომ ამჟამად „ამოყიდვაზე მუშაობენ“.
მისივე მტკიცებით, „ნაწარმის ამოყიდვისა და ახალ რეგულაციებზე მორგებისათვის კომპანიებს მისცეს ვადა, რომელიც დაახლოებით, 1 სექტემბრამდე გასტანს“.
აქვთ თუ არა საწარმოებს უფლება, რომ 1 სექტემბრამდე უკვე წარმოებული პოლიეთილენის პარკები „ამოყიდონ“, რადგან ახალი რეგულაცია დღეიდან ძალაშია, ამის გასაკვევად bm.ge გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს.
„არ ვიცი ვინ რა თქვა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ყველა ადამიანი თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი. დღეიდან რეგულაცია ძალაშია შესული, რაც ნებისმიერი ტიპის პლასტიკის პარკის რეალიზაციის აღმოფხვრას გულისხმობს. ვინც ამ პარკს გაყიდის, ის კანონს დაარღვევს და ჩვენ უფლება გვაქვს, დავაჯარიმოთ. ამ საკითხზე ბიზნესთან შეხვედრა არაერთხელ გვქონდა“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.
ცნობისთვის: შპს „კირიბში“ 70-მდე ადამიანია დასაქმებული.

























