"პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა", რომელიც ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად სპეციალურად შეიქმნა, მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან“ აცნობეს.
მათი განცხადებით, "პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფში" შემავალი კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე ზედმეტად დანიშნული მედიკამენტების თითოეულ ქეისს სწავლობდა, კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო.
"საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება" აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება და თვლის, რომ ამ კომისიის არსებობა აუცილებელი და საჭირო ფაქტორია.
"პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე იყო აგებული, რაც ბუნებრივია ეფექტიანი ვერ იქნებოდა. პაციენტები ექიმებს ენდობიან და ეს ნდობა არ უნდა დაიკარგოს, პირიქით ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას გაზრდის.
ჩვენი ინფორმაციით, იმ პროექტში, რომელიც განხორციელდა, გამოწერილ რეცეპტებში შეუსაბამო დანიშვნები 18%–მდე იყო", - აღნიშნულია "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სხვა ფორმით უნდა გაგრძელდეს.
"პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაწეული ამბულატორიული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მათ შორის გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შესაბამისობის შესწავლა უნდა მოხდეს.
ასევე, სადაზღვევო კომპანიებსაც საშუალება უნდა მიეცეთ, რომ შეუსაბამო დანიშვნის შემთხვევები, რაც შესაბამისი ექსპერტის დასკვნით დადასტურებული იქნება, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაუგზავნონ", - განმარტავენ ასოციაციაში.
BM.GE საკითხზე მუშაობას აგრძელებს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

























